
ოპიოიდებზე დამოკიდებულება და მკურნალობა | ხშირად დასმული შეკითხვები
„ოპიოიდების მოხმარებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის ქონა არ არის დაკავშირებული ხასიათთან, ნებისყოფასთან ან მორალთან და არაფერი აქვს საერთო ადამიანის პიროვნულ მახასიათებლებთან“, - ვკითხულობთ პაციენტებისთვის მომზადებულ სახელმძღვანელოში, რომელიც პლატფორმა CPR.GE-ზეა განთავსებული და სრული ვერსიის გაცნობაც მიმაგრებულ ბმულზე შეგიძლიათ.
Drugpolicy.ge კი დოკუმენტზე დაყრდნობით გთავაზობთ შემოკლებულ ვერსიას - ინფორმაციასა და პრაქტიკულ რჩევებს პაციენტებისთვის ოპიოიდების მოხმარებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის შესახებ.
რა არის ოპიოიდების მოხმარებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი (ფ&ქ) აშლილობა და რა განაპირობებს მას:
ოპიოიდების მოხმარებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი (ფ&ქ) აშლილობის დიაგნოზი ხშირად დაკავშირებულია რთულ მოვლენებთან, რაც შეიძლება ადამიანს ბავშვობაში და ზრდასრულ ასაკში გადახდა, ასევე მათი ოჯახის წევრის წამალდამოკიდებულების ისტორიასთან, მომხმარებლის ორგანიზმის ბიოქიმიასთან და მის ფსიქიკურ მდგომარეობასთან.
ყველა ადამიანს აქვს დამაჯილდოებელი ცენტრი თავის ტვინის შუა ნაწილში. როდესაც ვასრულებთ გარკვეულ აქტივობებს, როგორიცაა ჭამა, გამრავლება და უსაფრთხოება, ტვინში ქიმიური დოფამინი გამოიყოფა, რაც თავს კარგად გვაგრძნობინებს. დოფამინის ეს მოზღვავება ინახება მეხსიერებაში, რაც იწვევს აქტივობით მიღებული სიამოვნების გახსენებას (როგორიცაა გემრიელი კერძის დამახსოვრება) და ტვინის ბრძანების ცენტრი, რომელიც აღმასრულებელი ფუნქციის მატარებელია, გვიბიძგებს კვლავ განვახორციელოთ ეს აქტივობა. ტვინის მსგავსი აქტივობების კომბინაცია ხდის შესაძლებელს, რომ გადავრჩეთ, როგორც სახეობა. ამ დამაჯილდოებელ ცენტრზე ოპიოიდებიც ახდენენ გავლენას გადარჩენის აქტივობების მსგავსად. ოპიოიდების მოხმარება, თავის ტვინში, იწვევს დოფამინის კიდევ უფრო დიდი რაოდენობით და ხანგრძლივად გამოყოფას, ვიდრე სხვა აქტივობების შემთხვევაში.
დროთა განმავლობაში ეს იწვევს გადარჩენის მექანიზმის მოშლას; შედეგად, აღმასრულებელი ფუნქცია გვეუბნება, რომ ოპიოიდების მოხმარება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გადარჩენის სხვა აქტივობები. ამასთან, ტვინის სხვა ნაწილები შეიძლება წინააღმდეგობაში იყვნენ აღმასრულებელ ფუნქციასთან და გვითხრან, რომ ოპიოიდების მოხმარება ცუდი იდეაა.
ნარკოტიკზე დამოკიდებულება არის კონფლიქტი ტვინის ამ ორ ნაწილს შორის, სადაც აღმასრულებელი ფუნქცია ამბობს: „მე მჭირდება ოპიოიდები“ და ტვინის სხვა ნაწილები ამბობენ „ოპიოიდების მოხმარება ჩემთვის საზიანოა“.
რა არის აღკვეთის მდგომარეობა და როდის დგება ის?
თუ ადამიანი ოპიოიდებს სისტემატურად, ყოველდღიურად მოიხმარს, მისი ნერვული სისტემა იცვლება, რათა ოპიოიდებით გამოწვეულ ძილიანობას გაუძლოს. ამ ცვლილებას ტოლერანტობა ეწოდება.
როდესაც ადამიანი მოულოდნელად წყვეტს ოპიოიდების მოხმარებას, ნერვულ სისტემას რამდენიმე დღე სჭირდება ნორმალურ მდგომარეობაში დასაბრუნებლად. ამ პერიოდის განმავლობაში ადამიანები განიცდიან აღკვეთის მდგომარეობას (ე.წ ლომკას). როდესაც ადამიანი წყვეტს ოპიოიდების მოხმარებას, თავდაპირველად ის განიცდის მწვავე აღკვეთის მდგომარეობას, რაც ჩვეულებრივ ყველაზე მეტად ძლიერდება ბოლო მოხმარებიდან ორი ან სამი დღის შემდეგ.
მწვავე აღკვეთის მდგომარეობის ფიზიკური სიმპტომები ჰგავს გრიპის ძალიან ცუდ შემთხვევას; ასეთ დროს, ადამიანებს აღენიშნებათ კუნთების ტკივილი, გულისრევა და ღებინება, კრუნჩხვები, შემცივნება, ოფლიანობა, მთქნარება და ჟრუანტელი.
გარდა ამისა, ადამიანები ხშირად განიცდიან ისეთ ფსიქოლოგიურ სიმპტომებს, როგორიცაა ძლიერი ძილიანობა, შფოთვა, დაღლილობა და ძლიერი ლტოლვა. ეს ფსიქოლოგიური სიმპტომები, როგორც წესი, ბევრად უფრო არასასიამოვნოა, ვიდრე ფიზიკური სიმპტომები.
სიმპტომები უმჯობესდება ბოლო მოხმარებიდან 5-7 დღის შემდეგ. მწვავე აღკვეთის მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ, ბევრი ადამიანი განიცდის მწვავე აღკვეთის შემდგომ მდგომარეობას, რომლის სიმპტომებია შფოთვა, უძილობა, დაღლილობა და ლტოლვა. მწვავე აღკვეთის შემდგომი მდგომარეობა შეიძლება გაგრძელდეს კვირების ან თვეების განმავლობაშიც კი და ამ პერიოდში არსებობს რეციდივის (განმეორებითი მოხმარების) რისკი.
მკურნალობა - რა გზები არსებობს?
- იყავით დაკავებული: თქვენი დროის დაგეგმვა დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ოპიოიდების მოხმარება. აქ მოცემულია სტრუქტურირებული აქტივობების რამდენიმე მაგალითი: თვითდახმარების ჯგუფები, როგორიცაა ნარკოტიკების მომხმარებლების ანონიმური ჯგუფი ან სეკულარული (არარელიგიური) ორგანიზაცია, რომლებიც უზრუნველყოფენ სტრუქტურირებულ სოციალურ მხარდაჭერას.
- ივარჯიშეთ, როგორიცაა ყოველდღიური გასეირნება ან სპორტდარბაზში სიარული.
- რეგულარული ძილისა და კვების რეჟიმი.
- გაატარეთ დრო მხარდამჭერ ოჯახთან და მეგობრებთან, რომლებიც არ მოიხმარენ ნარკოტიკებს.
- იარეთ შეხვედრებზე წამალდამოკიდებულების სპეციალისტებთან, მათ შორის ექიმებთან, ექთნებთან, სოციალურ მუშაკებთან, შემთხვევის მართვის მენეჯერებთან და თერაპევტებთან.
- იყავით კონცენტრირებული: ფხიზლად დარჩენისთვის საჭიროა ყოველდღიურად ყურადღება მიაქციოთ იმას, თუ როგორ გრძნობთ თავს. აქ არის რამდენიმე რამ, რისი გაკეთებაც ადრეული გამოჯანმრთელებისას საკუთარ თავზე ზრუნვისთვის შეგიძლიათ: მიიღეთ ექიმის მიერ დანიშნული პრეპარატები.
- თავი აარიდეთ ე.წ. HALT (Hungry, Angry, Lonely, Tired) მდგომარეობებს: მშიერი, გაბრაზებული, მარტოსული, დაღლილი.
- მოხმარების სურვილის გაჩენისას, ყოველთვის შეჩერდით და დაურეკეთ მხარდამჭერ ადამიანს.
- ნუ გაამახვილებთ ყურადღებას სხვა საკითხებზე, რომლებიც შეიძლება გაწუხებდეთ. მათთან გამკლავება შეიძლება მოგვიანებით, როდესაც ფხიზელი იქნებით.
- იცოდეთ ფაქტორები, რომლებიც გიბიძგებთ ნარკოტიკის მოხმარებისკენ და გააკეთეთ ყველაფერი, რომ თავიდან აირიდოთ ისინი. ეს ფაქტორები შეიძლება იყოს გარკვეული ადამიანები ან ადგილები, ფიქრი გარკვეულ სიტუაციებზე, სტრესი, გაბრაზება ან სევდა ან თვითკრიტიკული აზრები.
-
არ დანებდეთ! გახსოვდეთ, რომ მწვავე აღკვეთის შემდგომი მდგომარეობა შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე კვირა და რომ შფოთვა, უძილობა, დაღლილობა და ლტოლვა, რომელიც შესაძლოა განიცადოთ, დროებითია. რაც უფრო დიდხანს დარჩებით ფხიზელი, მით უფრო გაგიადვილდებათ მოხმარების შეწყვეტა.