
ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები ბაზარზე და მზარდი ტენდენცია - რამდენად მნიშვნელოვანია სრულყოფილი პრევენცია
ფსიქოლოგიის დოქტორი თამუნა ბოკუჩავა იმ საშიშ ტენდენციაზე საუბრობს, რაც ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გაჩენას უკავშირდება
ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ბაზარზე გამოჩენამ ნარკოპოლიტიკის კუთხით არსებული ისედაც რთული ვითარება კიდევ უფრო მეტად გაამწვავა - როგორც სპეციალისტები ამბობენ, ტენდენცია მზარდ მაჩვენებელზე მიუთითებს, რასაც ხშირად მოქალაქეები, განსაკუთრებით კი ახალგაზრდები, სასიკვდილო შედეგებამდე მიჰყავს.
მიუხედავად ამ მოცემულობისა, სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან პრევენციული მექანიზმების შემუშავებასა და შემდგომ უკვე დანერგვაზე მუშაობა, რაც ჯამში, კომპლექსურ თუმცა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებს მოიცავს, ნაკლებად თვალსაჩინოა ან საერთოდ არ არსებობს.
ფსიქოლოგიის დოქტორი და კლინიკა „ნეოგენის“ ექიმი-ფსიქოთერაპევტი, თამუნა ბოკუჩავა იმ საშიშ ტენდენციაზე საუბრობს, რაც ნარკობაზარზე ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გაჩენას უკავშირდება და ამბობს, რომ ამ კუთხით ჩატარებული კვლევები მზარდ მაჩვენებელზე მიუთითებს.
• ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები ბაზარზე
„ცხადია, ეს ზუსტი სტატისტიკა არ არის, თუმცა კვლევები, რაც ჩვენს კლინიკაში ჩატარდა, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მზარდ ტენდენციაზე მეტყველებს“, - ამბობს თამუნა ბოკუჩავა და დასძენს, რომ ამ წუთს ბაზარზე, პრაქტიკულად ყველა სახის ნარკოტიკის მოიპოვება.
მისი ინფორმაციით, ნივთიერებების გავრცელების ძირითადი გზა ე.წ დარქნეტებია. ყველა სახის ნარკოტიკში კი იგულისხმება ოპიატები - „ჰეროინი“; ე.წ სირეცი; „ბუპრენორფინი“, „მეტადონი“ შავ ბაზარზე.
როგორც ბოკუჩავამ გვითხრა გახშირებულია მარიხუანას მოხმარება, ასევე „მეფედრონის“, ე.წ ალფა/პვპ, რომელსაც მომხმარებლები „ამფეტამინს“ ეძახიან:
„ახლა „მეფედრონი“ პრაქტიკულად ყველაზე დიდ საშიშროებას წარმოადგენს, რადგან ფსიქიკურ აშლილობებს, ფსიქოზებს იწვევს, რის გამოც ეს ადამიანები, [მათი ქცევა] ძალიან საშიშები ხდებიან როგორც საკუთარი თავისთვის, ისე სოციუმისთვის“, - გვითხრა ფსიქოლოგმა.
• „დრაგ ჩექინგი“, როგორც პრევენციისთვის აუცილებელი კომპონენტი
კითხვაზე, რა ტიპის ფსიქოაქტიური ნივთიერება ჭარბობს და რამდენად მნიშვნელოვანია პრევენციისთვის მასშტაბური „დრაგ ჩექინგის“ დანერგვა, ფსიქოლოგმა ასე გვიპასუხა:
„უფრო მეტად ასახელებენ „ფენტალინს“, რომელიც სინთეზური ოპიოიდია და რაც სწრაფ გარდაცვალებას იწვევს. ცხადია, პრობლემა გახლავთ ე.წ დრაგ ჩექინგის უქონლობაც, რაშიც სხვადასხვა ნივთიერებების წინასწარ შემოწმება იგულისხმება, უფრო ზუსტად კი, რაც შეიცავს ესა თუ ეს ნივთიერება.
ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც ამას ახორციელებს „მანდალაა“ და შესაბამისად, მხოლოდ ის დიდ მასშტაბს ვერ გასწვდება, არადა, ეს პრევენციისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია.
ერთია, რომ უნდა ხდებოდეს ნარკოტიკების მოხმარების პრევენცია, რა თქმა უნდა, კარგი იქნება საერთოდ არ მოიხმარდნენ, მაგრამ მეორე გახლავთ მომხმარებლები, რომლებმაც უნდა იცოდნენ, რას მოიხმარენ და აუცილებელია, ნივთიერების ხარისხი გაკონტროლდეს“, - თქვა ბოკუჩავამ.
ფსიქოლოგის სიტყვებით, არჩევანიც რომ გააკეთოს ადამიანმა ამის უფლებაც არ აქვთ, რადგან ინფორმაციას არ ფლობენ, პრევენციის შემთხვევაში კი, როგორც ეს ბოკუჩავამ განმარტა, სწორი ინფორმაციის გავრცელება ხდება.
„გარდა ამისა, პრევენციის დროს, მთელი რიგი ღონისძიებების გატარება ხდება, მაგალითად: ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდა, მისი დანერგვა და ა.შ.
საერთოდ, ეს ძალიან კომპლექსური საკითხია, თავად მოხმარებაც მულტიფაქტორულია და როგორც სპეციალისტები ამბობენ, ეს გახლავთ ბიო-ფსიქო-სოციალური დაავადება, ამიტომ მიდგომაც, პრევენციაც კომპლექსური სჭირდება, ყველაფერი კოორდინირებული უნდა იყოს“, - გვითხრა თამუნა ბოკუჩავამ.
მისი თქმით, საბოლოო ჯამში, პრევენციას სახელმწიფო და პროფესიული ჯგუფები უნდა ახდენდნენ, ამისთვის კი მისი აზრით, აუცილებელია, სხვადასხვა სპეციალისტების, თემის, სოციალური სამსახურის, ჯანდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების ერთობლივი ჩართულობა და მსჯელობა:
„ყველა ერთად უნდა დასხდეს და უნდა შეიქმნას მულტიდისციპლინარული საბჭო. პრინციპში, ასეთი საბჭო უკვე შექმნილიცაა, თუმცა, სამწუხაროდ, სპეციალისტებს არავინ უსმენს.
სპეციალისტები მხოლოდ მაშინ ახსენდებათ, ურემი რომ გადაბრუნდება და ვინმე დაიღუპება. მე პირადად არ მსმენია, რომ პრევენციის კუთხით, ახლა რაიმე კეთდება.
როგორც გითხარით, მკურნალობაზეც კი მთელი რიგი ხარვეზებია, ამიტომ, მეეჭვება ამ თვალსაზრისით, სახელმწიფო დონეზე საერთოდ რაიმე ხდებოდეს“. - გვითხრა ფსიქოლოგიის დოქტორმა.
ავტორი: სალომე სარიშვილი