საქართველოში პატიმართა თითქმის მეოთხედი სასჯელს ნარკოდანაშაულისთვის იხდის

საქართველოში პატიმართა თითქმის მეოთხედი სასჯელს ნარკოდანაშაულისთვის იხდის

ყოველ 100 000 მოსახლეზე პატიმრების რაოდენობით საქართველო ევროსაბჭოს ქვეყნებში მეორე ადგილზეა, - ამის შესახებ საუბარია ევროპის საბჭოს ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში გამოქვეყნდა.

ანგარიშის მიხედვით, ყოველ 100 000 მოსახლეზე საქართველოში 237 პატიმარი მოდის, რაც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

100 000 მოსახლეზე გამოთვლების პრინციპით პირველ ადგილზეა თურქეთი (100 000 მოსახლეზე 355 პატიმრით), ხოლო მეორეზე - საქართველო (237 პატიმრით). საქართველოს აზერბაიჯანი და უნგრეთი მოსდევენ 217 და 194 პატიმრით ყოველ 100 000 ადამიანზე.


 

ამავე ანგარიშის მიხედვით, საქართველოში პატიმართა თითქმის მეოთხედი სასჯელს ნარკოდანაშაულისთვის იხდის. კერძოდ, ნარკოდანაშაულზე მოდის პატიმართა მსჯავრის 23.6%. მეორე ადგილზეა ძარცვა (22.1%) და ეკონომიკური/ფინანსური დანაშაული (18.2%).


 

მტკიცებულებებზე დაფუძნებული ნარკოპოლიტიკა, ადამიანის უფლებების ხელშეწყობა ნარკოპოლიტიკაში, ნარკოტიკების მოხმარებისა და შენახვის კრიმინალიზაციის გაუქმება, ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულისთვის პატიმრობის სასჯელის შემცირება ან გაუქმება, - ამ და სხვა სახელმძღვანელო პრინციპებით 2021 წლის ნოემბერში მაღალი დონის ლიდერების ჯგუფის მიერ აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპისა და ცენტრალური აზიის ნარკოპოლიტიკის კომისია (ECECACD) შეიქმნა. 

ECECACD მჭიდროდ თანამშრომლობს ნარკოტიკების პოლიტიკის გლობალურ კომისიასთან  და მიზნად ისახავს რეგიონში ხელი შეუწყოს მტკიცებულებებზე დაფუძნებული ნარკოპოლიტიკის მიდგომებს და წარმართოს ამ საკითხებზე  ღია დებატები. კომისია ყურადღებას ამახვილებს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის კონკრეტულ საჭიროებებზე  და საკითხებზე.

კომისრები არიან სხვადასხვა პროფესიული სფეროდან: სახელმწიფოს ყოფილი მეთაურები, პოლიტიკოსები, მეცნიერები, დიპლომატები და ფილანთროპები. ისინი გაერთიანდნენ მეცნიერულ მტკიცებულებებზე, ადამიანის უფლებებზე, საზოგადოებრივ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე დაფუძნებული ნარკოპოლიტიკის ადვოკატირების გადაუდებელი აუცილებლობის გამო. 

კომისიის საქმიანობის თერთმეტ პრიორიტეტულ მიმართულებას შორისაა:

სისხლისსამართლებრივი და ადმინისტრაციული სასჯელის ლიკვიდაცია ნარკოტიკების შენახვასა და გამოყენებაზე სხვებისთვის ზიანის მიყენების გარეშე.

მცირე ნარკოდანაშაულისთვის პატიმრობის ვადის შემცირება და პერსპექტივაში კი საბოლოოდ გაუქმება. პატიმრობის ალტერნატივის სწრაფად შექმნა.

drugpolicy.ge კომისიის ქართველ წარმომადგენელს, მარი ჩოხელს ესაუბრა სწორედ იმ გამოწვევებზე, რაც ჩვენ მიერ ზემოთ განხილული კვლევის შედეგებიდანაც ჩანს. 

როგორც ვიცით, არაერთი ინსტიტუცია არსებობს, რომელიც ფოკუსირებულია და მუშაობს ნარკოპოლიტიკის საკითხებზე. მარი, რომ აგვიხსნა, რა არის ამ კომისიის განმასხვავებელი ნიშანი და რატომ გახდა საჭირო ეს ფორმატი? 

კომისია გამოირჩევა იმით, რომ აერთიანებს მაღალი თანამდებობის ყოფილ წარმომადგენლებს. შესაბამისად, მათ, თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, შეუძლიათ, პოლიტიკოსებს მთავრობაში ელაპარაკონ მათ ენაზე, აუხსნან საკითხი და რეკომენდაციები გასცენ, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ ნარკოპოლიტიკა ეფუძნებოდეს ჯანდაცვისა და ადამიანების უფლებებს.

მისი წევრები არიან ყოფილი პრეზიდენტები, მაგალითად, რუთ დრეიფუსი, რომელიც შვეიცარიის ყოფილი პრეზიდენტი იყო. ალექსანდრე კვაშნიევსკი, რომელიც იყო პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი და ის ცნობილია იმით, რომ მის პერიოდში ჯერ მოხდა გამკაცრება ნარკოპოლიტიკის, ხოლო შემდეგ უკვე, პირიქით, ლიბერალიზაცია. ვინაიდან მიხვდა, რომ გამკაცრებამ ვერ გამოიღო შედეგი, გარდა იმისა, რომ მოხდა ახალგაზრდების დასჯა, კრიმინალიზაცია, რამაც მერე სერიოზული საჭიროება გამოიწვია მათი რესოციალიზაცია, რეინტეგრაციის.

კომისიის მიზნებიდან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე რომ ვისაუბროთ. რას გამოყოფდით?

საქართველოსთან მიმართებით, რა თქმა უნდა, ჩვენ უკვე ადგილზე, კოლეგები ვმსჯელობდით იმაზე, რა გამოწვევებიც არსებობს და პრინციპებიდან გამომდინარე ეს ცალსახად არის ნარკოპოლიტიკის რეფორმა, რომელიც დაწყებულია და ბოლომდეა მისაყვანი, ბევრი მიმართულებაა შესაცვლელი. იგივე რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამები, ძალიან მწირია და ბევრად მეტი ძალისხმევაა ამ კუთხით გასაღები. 

რაც შეეხება უშუალოდ კანონმდებლობის შეცვლას, მინიმალურ ოდენობებს, ამ მიმართულებითაც ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო და ბევრი ნაბიჯია წინ გადასადგმელი. ანუ თვითონ კანონმდებლობა არის ის ფაქტორი, რომელიც ხელს უშლის და პირდაპირ კავშირშია მომხმარებელთა რაოდენობასთან, რომლებიც სასჯელს იხდის პენიტენციურ დაწესებულებაში. 

საქართველოში ნარკოდანაშაულის სტატისტიკა დიდწილად უკავშირდება ოდენობების საკითხს...

დიახ, რეალურად ეს ოდენობები პრობლემა, რომლის გამოც სასჯელაღსრულებაში ადამიანები კიდევ შეიძლება მოხვდნენ. ბევრმა არც იცის ასეთი დეტალები კანონმდებლობაზე... ასეთ კონკრეტიკაში რომ შევდივართ, მერე კი ყველას უკვირს. 

კანონმდებლობის ჰუმანიზება, კანონპროექტის დაძვრა - რამ შეიძლება განაპირობოს ამ პროცესების ბიძგი? 

ვფიქრობ, რომ კომისიაში ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლის შესვლა იქნება ერთ-ერთი დამხმარე ფაქტორი, იმიტომ, რომ კონკრეტულად მერე, ქვეყნის სპეციფიკიდან გამომდინარე, შეიძლება მაღალი დონის შეხვედრების დაორგანიზება, თუნდაც დახურულ კარს მიღმა.

ჩვენთვის მთავარია შედეგი და ის, რომ არ ხდებოდეს ახალგაზრდების კრიმინალიზება და შემდეგ მათი მომავლის დაკარგვა. ჩვენი მიზანი არის ის, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს მიუწვდებოდეს ხელი ჯანდაცვის სოციალურ სერვისებზე, თუნდაც ფსიქოლოგიურ სერვისებზე, ნაცვლად სასჯელაღსრულების დაწესებულებისა. 

ამის მიღმა მიმაჩნია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა პოლიტიკურ პარტიასთან დიალოგის ინიციირება. პოლიტიკურმა პარტიებმა გულახდილად უნდა დააფიქსირონ თავისი პოზიცია, რა დამოკიდებულება აქვთ ამ პროცესებზე და შემდეგ უკვე როცა იქნება არჩევნები და ესა თუ ის პოლიტიკური პარტია მოხდება პარლამენტში, ზუსტად ამ დაპირებიდან გამომდინარე მოხდეს მათი შეფასება, შეასრულეს ეს თუ არა და რატომ. 

ავტორი: ნათია ამირანაშვილი

ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები ბაზარზე და მზარდი ტენდენცია - რამდენად მნიშვნელოვანია სრულყოფილი პრევენცია

ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები ბაზარზე და მზარდი ტენდენცია - რამდენად მნიშვნელოვანია სრულყოფილი პრევენცია

9 თებერვალი, 2024
ოპიოიდებზე დამოკიდებულება და მკურნალობა | ხშირად დასმული შეკითხვები

ოპიოიდებზე დამოკიდებულება და მკურნალობა | ხშირად დასმული შეკითხვები

6 თებერვალი, 2024
რჩევები მშობლებს | მოზარდებში ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების შესახებ

რჩევები მშობლებს | მოზარდებში ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების შესახებ

6 თებერვალი, 2024
საჯარო მიმართვა ჯანდაცვის სამინისტროს

საჯარო მიმართვა ჯანდაცვის სამინისტროს

6 თებერვალი, 2024