„გიჭირს ადამიანს ამ გზის ყოველდღე გავლა“ - თბილისში მეტადონის პროგრამის ერთ-ერთი ფილიალი გარეუბანში გადაიტანეს
ბენეფიციარები და სათემო ორგანიზაციები მეტადონით ჩანაცვლებითი პროგრამის ფილიალების ქალაქის ცენტრიდან მოშორებით გადატანაზე წუხან. ზუგდიდიდან ფილიალი გასულ წელს რუხის საავადმყოფოში გადაიტანეს. მისამართი შეიცვალა ახლა უკვე თბილისშიც - ვაჟა-ფშაველაზე არსებული ერთ-ერთი ფილიალი ონკოლოგიური საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე გადავიდა. drugpolicy.ge-ს ასევე განუცხადეს, რომ შესაძლოა, იგივე პრაქტიკა გავრცელდეს ქუთაისში არსებულ ერთ-ერთ ფილიალზეც.
სათემო ორგანიზაციის წარმომადგენლები პროგრამის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაუარესებაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ეს ცვლილები ბენეფიციარებს პროგრამის მიზნებისგან აშორებს.
„ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ძეგლთან იყო ჩვენი ფილიალი და გადაგვიყვანეს ზემოთ, ონკოლოგიურ საავადმყოფოსთან, ლისის ტბის მიმდებარედ.
ძალიან პრობლემურია, ძალიან. შორია, ყველაფერს რომ თავი დაანებო, სამსახურში მისვლასავითაა, მოშორებით რომაა, გიჭირს ყოველდღე ამ გზის გავლა.
მე თვითდასაქმებული ვარ და ასე თუ ისე, ვახერხებ, რომ შევათავსო. ვინც 10-დან 19-მდე მუშაობს, მისთვის სერიოზულად ხელისშემშლელია“, - ამბობს ჩვენთან საუბრისას ერთ-ერთი ბენეფიციარი.
მისივე თქმით, ამ ცვლილებამდე ბენეფიციარებთან კომუნიკაცია არ ყოფილა, იქნებოდა თუ არა მათთვის ხელსაყრელი ახალი მისამართი.
„ერთი თვით ადრე თქვეს, რომ შეიძლება გადავიდეთო, მაგრამ არ უკითხავთ, გინდათ-არ გინდათ. გამოაკრეს, რომ ამა და ამ მისამართზე გადავალთ, ამ რიცხვიდან და ჩვენც ვიცოდით, როდიდან უნდა მივსულიყავით სხვა მისამართზე“, - ამბობს ბენეფიციარი.
ლაშა აბესაძე, „ნარკოტიკის მომხმარებელთა საქართველოს ქსელის“ წარმომადგენელი იხსენებს ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოზე (CCM) საკითხის განხილვისას ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის განმარტებას:
„იჯარით აღებული სერვის-ცენტრები ბალანსზე არსებული დაწესებულებების ბაზაზე გადაგვაქვსო - ასეთი პასუხი გამცეს შეხვედრაზე. რეალურად, ოფიციალურ მიზეზს ამას ასახელებენ, რაც პრაქტიკაში იგივე გამოდის - ეს ბენეფიციარისთვის იმავეს ნიშნავს, რომ გავა ქალაქიდან გარეთ, რა მნიშვნელობა აქვს მიზეზს. აღნიშნული კი მათთვის დამატებით ბარიერს წარმოადგენს, რა თქმა უნდა“, - ამბობს აბესაძე.
ორგანიზაცია „რუბიკონის“ წარმომადგენელი ზაზა ქარჩხაძე ქუთაისის სერვის-ცენტრზე ამბობს, რომ გადატანით ის ჯერ არ გადაუტანიათ სხვა მისამართზე, თუმცა ამ საკითხზე არაოფიციალური საუბრები გაჟღერდა.
„ჯერ არ გადასულა, თუმცა არის საუბრები, რომ აპირებენ გადატანას ქალაქის გარეუბანში. ჯერ ოფიციალურად არაფერი არ თქმულა, კულუარული ინფორმაციაა.
ძალიან მოუხერხებელ ადგილზეა საუბარი. ბენეფიციარებს იქ მისასვლელად აუცილებლად დასჭირდებათ ტრანსპორტი. ეს ხარჯი კი, დამატებული მათ სოციალურ მდგომარეობას, მძიმე საკითხია.
ქალაქის ცენტრში უფრო მოსახერხებელია, ზოგი საერთოდ ფეხით მოდის. იქ კი აუცილებლად ტრანსპორტი იქნება საჭირო. მოკლედ რომ ვთქვათ, ადამიანებს ძალიან დიდი პრობლემები შეექმნებათ“, - ამბობს ზაზა ქარჩხაძე.
როგორც ზემოთ აღინიშნა, მეტადონის ცენტრი გასულ წელს ასევე გადაიტანეს ზუგდიდიდან რუხის კლინიკაში. ამ შემთხვევაში საბაბი ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილება გახდა, ვინაიდან, მათი თქმით, ადგილზე იყო ხმაური, ირეოდა ხალხი და ა.შ. წლების წინ მსგავსი წინააღმდეგობა ზესტაფონშიც არსებობდა.
ფილიალების გარეუბანში გადატანასთან დაკავშირებით drugpolicy.ge-მ ნარკომანიის პრევენციის ცენტრს მიმართა. მათგან გვაინტერესებს ოფიციალური განმარტება, რა მიზეზით გადაიტანეს ქალაქში არსებული სერვის-ცენტრი გარეუბანში, იგეგმება თუ არა ქუთაისშიც რაიმე სახის ცვლილება, წარიმართა თუ არა ბენეფიციარებთან შეხვედრები ამ ცვლილებაზე და რას უპასუხებენ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაუარესებაზე კრიტიკას. პასუხების მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
აღსანიშნავია, რომ სათემო ორგანიზაციები, ბენეფიციარები პროგრამაში არსებულ მოსაგვარებელ საკითხებზე წლებია საუბრობენ. მათ შორის პრობლემურ საკითხად ყოველთვის სახელდებოდა გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის საკითხიც. ამ ფაქტს ემატება ისიც, რომ პროგრამის დიზაინიდან გამომდინარე, მოსარგებლეები კუთვნილი ულუფის მისაღებად დაწესებულებაში ყოველდღე უნდა მივიდნენ. ეს მოთხოვნა კი მათ მნიშვნელოვნად აბრკოლებთ დასაქმებასა და რესოციალიზაციაში.
ჩანაცვლებითი პროგრამის მთავარი დანიშნულება და მიზანი კი სწორედ ისაა, რომ ბენეფიციარებს ხელი შეეწყოთ სოციალური-ეკონომიკური მდგომარეობის, სოციალური და ოჯახური ურთიერთობების გაუმჯობესებაში.
2021 წელს დასავლეთ საქართველოში ჩანაცვლებითი თერაპიის სერვისებით მოსარგებლეთა კმაყოფილების კვლევა ჩატარდა. კვლევის მიხედვით, დასავლეთ საქართველოში ოჩთ პროგრამების მოსარგებლეთა 48% უმუშევარია (სახელმწიფო პროგრამაში – 57.4%, კერძო – 31.2%). 300 ლარზე ნაკლები შემოსავალი აქვს სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლეთა 51.8%-ს. გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრობლემასთან ერთად კი ცენტრში ყოველდღიურად სიარულის საჭიროება აფერხებს მკურნალობის საჭიროების მქონე სხვა ადამიანებს, ჩაერთონ პროგრამაში.
ავტორი: ნათია ამირანაშვილი
