
„ამ თემას არ ვეშვებით და არ შევეშვებით მანამ, სანამ საგრძნობი ცვლილებები არ მოხდება“ - ნარკოპოლიტიკა „გირჩი - მეტი თავისუფლების“ პროგრამაში
ზურა ჯაფარიძე საუბრობს, შეიტანს თუ არა, პარტია ნარკოპოლიტიკის მიმართულებას საარჩევნო პროგრამაში და რას სთავაზობენ ამომრჩეველს
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე არც თუ ისე დიდი დრო რჩება და შესაბამისად, პოლიტიკურმა პარტიებმა წარსადგენი საარჩევნო პროგრამის გეგმის შედგენა, მუშაობა უკვე დაიწყეს.
სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, ყურადღება გავამახვილოთ რამდენად ეხმიანება ან ასახავს ცალკეული პარტიების საარჩევნო პროგრამა ნარკოპოლიტიკის მიმართულებას.
ამ სტატიაში „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურა ჯაფარიძე საუბრობს, შეიტანს თუ არა, გასული წლების მსგავსად პარტია ნარკოპოლიტიკის მიმართულებას საარჩევნო პროგრამაში და უფრო კონკრეტულად, რას სთავაზობს ეს პოლიტიკური ძალა ამომრჩეველს.
ჯაფარიძემ ასევე ისაუბრა ნარკოპოლიტიკის მიმართულებით, ბოლო წლებში მიღწეულ მცირე, თუმცა მაინც, მეტ-ნაკლებ ცვლილებებზე, რომელიც მისი თქმით, მხოლოდ კანაფის დეკრიმინალიზაციას ეხება.
ნარკოპოლიტიკა და მთავარი გამოწვევები
ზურა ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე, პრობლემად რჩება თავად საზოგადოების დამოკიდებულება, რომელიც ფიქრობს, რომ მოხმარება გარკვეულ დანაშაულთან ასოცირდება.
„მიუხედავად იმისა, რომ ეს სტერეოტიპები ჯერ კიდევ არსებობს, მე ვიტყოდი, რომ ბოლო წლებში განწყობები შედარებით შეცვლილია და ეს კარგია.
საბოლოო ჯამში, ამ საკითხისადმი საზოგადოების დამოკიდებულება და განწყობა ბევრ რამეს ცვლის, შესაბამისად, მნიშვნელოვანია დამოკიდებულების მქონე ადამიანების მიმართ სტიგმისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრაზე მუშაობა“, - გვითხრა ზურა ჯაფარიძემ.
მეორე საკითხი, რომელსაც ჯაფარიძე ასევე ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის გზაზე პრობლემად ხედავს, ხელისუფლების ამ თემისადმი დამოკიდებულებაა, რომელიც მისი მოსაზრებით, როგორც წესი, მხოლოდ და მხოლოდ წინასაარჩევნოდ ამომრჩეველზე ზეწოლის ბერკეტია.
„ვგულისხმობ იმას, რომ უკვე წლებია ამჟამინდელი და გასული ხელისუფლების პირობებშიც ნარკოპოლიტიკა ყოველთვის იყო წინასაარჩევნო ბერკეტი, რათა ადამიანებზე გავლენის მოხდენით, გარკვეული მანიპულაციები მოახდინონ.
ასეთ საქმეებს (ნარკოდანაშაული) აგროვებენ და წინასაარჩევნოდ ხდება დაკავებები, შემდეგ ამ თემის გააქტიურება და ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით გამოყენება.
ვფიქრობ, ეს გახლავთ ორი უმთავრესი პრობლემა, რომელიც ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას ხელს უშლის.
გარდა ამისა, არის კიდევ ცალკეული საკითხებიც, რაც ლიბერალიზაციისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ეს ორი თემა გახლავთ ის, რაც ფუნდამენტურად ხელისშემშლელი ფაქტორია“, - აღნიშნა ზურა ჯაფარიძემ.
გატარებული ცვლილებები
რაც შეეხება იმ მცირე ცვლილებებს, რომელიც ნარკოპოლიტიკის კუთხით ამ წლების განმავლობაში შეიძლება გარკვეულ შედეგად განვიხილოთ, ჯაფარიძის მოსაზრებით, ესაა კანაფის დეკრიმინალიზაცია, რის მიღწევაშიც უნდა აღინიშნოს, რომ „გირჩი - მეტი თავისუფლების“ აქტიურობა ხაზგასასმელია:
„შერბილებულია კანაფის მიმართ პოლიტიკა, რომელსაც მრავალწლიანი ბრძოლის შედეგად მივაღწიეთ, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს საერთო პრობლემას ვერანაირად ვერ შეცვლის და პრინციპში, სხვა მეტი ცვლილება ამ წლებში, არც განხორციელებულა“, - გვითხრა პარტიის ლიდერმა.
„არის საკმაოდ რთული თემები, როგორიცაა მართლმსაჯულების სისტემა ცვლილება, სუსის რეფორმირება, ეკონომიკური საკითხები და მათ შორის ნარკოპოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვუყურებთ, როგორც ადამიანებზე ზეწოლის მექანიზმად და რასაც ხელისუფლებები ძალაუფლების შენარჩუნებისთვის იყენებენ.
ჩვენი პროგრამა ამ იდეის გარშემოა აწყობილი, თუ როგორ უნდა მოხდეს ძალაუფლების დეკონცენტრირება ისე, რომ მომავალში ის პრობლემა, რომელიც გვაქვს, აღარ გვქონდეს.
მისი თქმით, საჯარო აქტივობების გეგმა ამ კუთხით ჯერჯერობით შედგენილი არ არის და რაზეც პარტია ახლაც მუშაობს, უფრო „პროდუქტ კონტენტია“, რასაც სოციალურ ქსელში განათავსებენ.
„უფრო საგანმანათლებლო ხასიათის ვიდეოები, როგორიც ადრეც გვიკეთებია და რომელსაც ახლაც გავაცოცხლებთ.
პრინციპში, ახლაც ვაკეთებთ და ზურა ნიჟარაძის დაკავების შემდეგ რამდენიმე ვიდეო გავავრცელეთ, თუმცა პოლიტიკური დღის წესრიგი ისეთია, მედიის ყურადღებას უფრო სხვა საკითხები იქცევს ხოლმე.
ამ თემას არ ვეშვებით და არ შევეშვებით მანამ, სანამ საგრძნობი ცვლილებები არ მოხდება“, - თქვა ჯაფარიძემ.
ნარკოპოლიტიკა თანამშრომლობა სხვა პარტიებთან
„კიდევ ერთი საკითხია ის, რომ რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ამ თემებზე სხვა პარტიებსაც ველაპარაკებით, ანუ, ეს მხოლოდ ჩვენი მხრიდან საჯარო საუბარი არ გახლავთ და ნარკოპოლიტიკაზე სხვებთანაც ვმსჯელობთ, რადგან ჩვენ გვესმის, რომ თუ ხელისუფლება შეიცვალა, უნდა იყოს კოალიციური ხელისუფლება, ამიტომ გვინდა ფონი წინასწარ მომზადებული გვქონდეს“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.
დასმულ კითხვაზე, რამდენად აქვთ სხვა პარტიებს მზაობა ამ თემაზე შეჯერებული აზრს მიაღწიონ, ჯაფარიძემ გვიპასუხა:
„მათი მხრიდან მზაობას რაც შეეხება, აქვთ ამგვარი პოზიცია, თუ ვესაუბრებით იმაზე, რომ უნდა მოხდეს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია, ისეთ მზაობას ავლენენ, რომ პრობლემა არ აქვთ, კონსენსუსი უნდა მოხდეს, მაგრამ როგორც კი დეტალებში შევდივართ, განწყობები და დამოკიდებულებები იცვლება ხოლმე.
ნუ, გასაგებია, რომ მე „ზედმეტად“ ლიბერალური ხედვა მაქვს, მომხრე ვარ ნებისმიერი ტიპის ნარკოტიკის ლეგალიზაციის და ამაზე კონსენსუსი ვერ იქნება, მაგრამ რასაც სხვა პარტიებთან ვცდილობთ არის ის, რომ მაგალითად, იგივე კანაფის კულტივაციასა და გაყიდვაზე, კონსენსუსი შედგეს.
რაც შეეხება, სხვა ნარკოტიკებთან მიმართებით, მისაუბრია ე.წ კლუბურ ნარკოტიკებზე, რომელიც ასევე ლეგალური უნდა იყოს, ცალკეული პოლიტიკოსების მხრიდან ამაზეც დადებითი პასუხი შემხვედრია, თუმცა პარტიების დონეზე ამ კუთხითაც პრობლემაა.
ასევე, რაზეც სხვა პარტიებს ვესაუბრები და მათ შორის, ეს „ზიანის შემცირების ქსელის“ ინიციატივა იყო, მინიმუმ დოზები, ოდენობები მაინც იყოს განსაზღვრული, რათა გარკვეული დოზის ფლობაზე, საერთოდ არაფერი (სადამსჯელო მექანიზმები) იყოს. მაინც მგონია, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, რაღაცების გატანა, შესაძლებელი იქნება“. - გვითხრა ზურა ჯაფარიძემ.
ავტორი: სალომე სარიშვილი