
როგორ სრულდება ანტინარკოტიკული სამოქმედო გეგმა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათშორისმა საბჭომ 2021 წლის დასაწყისში დაამტკიცა 2021-2022 წლების ანტინარკოტიკული სამოქმედო გეგმა. ის ცხრა თემატური ბლოკისგან/მიმართულებისგან შედგება. ესენია:
- პრევენცია;
- მკურნალობა და რეაბილიტაცია;
- ზიანის შემცირება;
- მიწოდების შემცირება;
- მკურნალობა, რეაბილიტაცია და ზიანის შემცირება თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებებსა და პრობაციის სისტემაში;
- სტიგმისა და დისკრიმინაციის დაძლევა;
- საკანონმდებლო ბაზის დახვეწა;
- მონაცემთა შეგროვება/ანალიზი;
- პოლიტიკის განვითარება, კოორდინაცია და საერთაშორისო თანამშრომლობა.
თემატური ბლოკები ჯამურად 25 ამოცანასა (Objective) და ამ ამოცანების შესრულებისკენ მიმართულ შედარებით ვიწრო შინაარსის 82 ღონისძიებას (Activity) აერთიანებს.
როგორ სრულდება აღნიშნული გეგმა და რა გამოწვევები არსებობს მონიტორინგის მიმართულებით, - ამ კუთხით დოკუმენტი „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ შეისწავლა და ძირითადი მიგნებებიც გამოყო.
ორგანიზაცია დოკუმენტის ტექნიკური სახის შეფასებებთან ერთად ყურადღებას ამახვილებს ისეთ საკითხებზეც, რომლებმაც, მათი თქმით, სამოქმედო გეგმის შესრულების სრულყოფილი (რაოდენობრივი, შინაარსობრივი) შეფასება და შესრულებული ამოცანების ზუსტი რაოდენობის განსაზღვრა არსებითად გაართულა. ამ გამოწვევებს შორის ასახელებენ საჯარო ინფორმაციის ხელმიუწვდომლობას – უწყებების მიერ ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმას ან/და არასრულყოფილი ინფორმაციის მოწოდებას. როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, 18 უწყებაში გაგზავნეს 22 განცხადება და მათგან მხოლოდ 12 უწყებისგან მიიღეს პასუხი.
ზემოთ ჩამოთვლილი მიმართულებების მიხედვით, ორგანიზაცია წერს:
1. პრევენცია
სამოქმედო გეგმის პირველი თემატური ბლოკი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პრევენციის საკითხებს უკავშირდება. გეგმის აღნიშნული ნაწილი 5 ძირითადი ამოცანისა და 13 განსახორციელებელი ღონისძიებისგან შედგება. პრევენციის მიმართულებით ძირითადად საინფორმაციო-საგანმანათლებლო შინაარსის ღონისძიებები იყო დაგეგმილი. ამ ღონისძიებების შესრულებაზე პასუხისმგებელ ორგანოდ, ძირითად შემთხვევებში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო იყო განსაზღვრული. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს საჯარო ინფორმაცია მოთხოვნიდან 6 თვის შემდეგაც კი არ მოუწოდებია. შესაბამისად, ვერ დადგინდა ვერცერთი იმ ღონისძიების შესრულების სტატუსი, რომელზეც მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტრო იყო პასუხისმგებელი.
რაც შეეხება განათლების სამინისტროს მიერ შესასრულებელ ღონისძიებებს, ინფორმაცია უწყებისგან არასრულყოფილი ფორმით და ზოგიერთ საკითხთან მიმართებით განზოგადებული სახით მიეწოდათ. შესაბამისად, ამ შემთხვევაშიც გაურკვეველია ცალკეული ღონისძიებების შესრულების მდგომარეობა. არასრულყოფილი ინფორმაციის მოწოდების გამო ვერ დადგინდა ისეთი მნიშვნელოვანი ამოცანების შესრულების სტატუსი, როგორიცაა მაგალითად: რთული ქცევისა და კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანებისათვის ფსიქოაქტიური ნივთიერებების ავადმოხმარების პრევენცია.
2.მკურნალობა და რეაბილიტაცია
სამოქმედო გეგმის მეორე თემატური ბლოკი წამალდამოკიდებულების მკურნალობისა და რეაბილიტაციის საკითხებს უკავშირდება. გეგმის აღნიშნული ნაწილი 4 ძირითადი ამოცანისა და 8 განსახორციელებელი ღონისძიებისგან შედგება. 8 ღონისძიებიდან 7-ზე პასუხისმგებელი მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტრო და ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი იყო. არცერთ მათგანს საჯარო ინფორმაცია არ მოუწოდებია.
მკურნალობა-რეაბილიტაციის ბლოკში არაერთი მნიშვნელოვანი ამოცანა ერთიანდება. მათ შორის ჩანაცვლებითი თერაპიის სახელმწიფო პროგრამის გეოგრაფიული გაფართოება. პროგრამის ბენეფიციართა რაოდენობის შესახებ განახლებული ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროს არც პროაქტიულად გამოუქვეყნებია და არც საჯარო ინფორმაციის სახით მოუწოდებია. ამ ინფორმაციას სრულყოფილად არც 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმა (საბაზისო მდგომარეობის ნაწილში) შეიცავს, რაც ნიშნავს, იმას, რომ მოცემული ამოცანის შესრულების მონიტორინგი სამომავლოდაც პრობლემად რჩება.
3.ზიანის შემცირება
სამოქმედო გეგმის მესამე თემატური ბლოკი ფსიქოაქტიური საშუალებების მოხმარების შედეგად გამოწვეული ზიანის შემცირების საკითხებს უკავშირდება. გეგმის აღნიშნული ნაწილი მხოლოდ ერთი ამოცანისა და 8 განსახორციელებელი ღონისძიებისგან შედგება. საჯარო ინფორმაციის ხელმიუწვდომლობის გამო ამოცანების შესრულების შესახებ ინფორმაციის წყაროდ 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმის საბაზისო მონაცემები გამოიყენეს. გაირკვა, რომ 8 ღონისძიებიდან სრულად შესრულდა მხოლოდ 3.
4.მიწოდების შემცირება
სამოქმედო გეგმის მეოთხე თემატური ბლოკი ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების მიწოდების/უკანონო ბრუნვის შემცირების საკითხებს უკავშირდება. გეგმის აღნიშნული ნაწილი 5 ძირითადი ამოცანისა და 14 განსახორციელებელი ღონისძიებისგან შედგება. ამ ღონისძიებების შესრულებაზე პასუხისმგებელ ორგანოდ, ძირითად შემთხვევებში, შინაგან საქმეთა სამინისტროა განსაზღვრული. ამის მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა იუსტიციის სამინისტროს გადაუგზავნა. ამ უკანასკნელისგან კი ყველა საკითხზე სრულყოფილი ინფორმაცია არ მიგვიღია. გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციისა და 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმის საბაზისო მონაცემების მიხედვით, 14 ღონისძიებიდან სრულად შესრულდა 4.