ევროინტეგრაცია და ნარკოპოლიტიკა - რას გვავალდებულებს ევროკომისიის 9 დათქმა

ევროინტეგრაცია და ნარკოპოლიტიკა - რას გვავალდებულებს ევროკომისიის 9 დათქმა

გასული წლის 14 დეკემბერს ევროკომისიამ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანას სრულფასოვანი ევროინტეგრაციისთვის, ჯერ კიდევ დიდი სამუშაო აქვს გასაწევი.

მეტი სიცხადისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ევროკომისიამ კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება გარკვეული დათქმებით მიიღო, უფრო ზუსტად კი, გამოსცა გეგმა/დოკუმენტი, სადაც ნათქვამია, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობისთვის 9 მიმართულებით განსაზღვრული აუცილებელი ნაბიჯები უნდა გადადგას. 

სწორედ ამ 9 დათქმაში საუბარია ადამიანის უფლებათა დაცვის გაუმჯობესებაზე, მათ შორის ადამიანის უფლებათა დაცვის ამბიციური სტრატეგიის განხორციელების, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფის გზით. 
 

ასევე, მითითებულია მიუკერძოებელი, ეფექტიანი და დროული გამოძიებების დაწყება ინციდენტებზე, რომლებიც დაუცველი ჯგუფების, მედიის სფეროში მომუშავე პროფესიონალებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების უსაფრთხოებას ეხება.
 

ამასთან ერთად, ძალადობაში დამნაშავე პირებისა და ორგანიზატორების გასამართლება. კიდევ ერთი განმარტება კი სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციების წარმოებასა და თანამშრომლობას მოიაზრებს, რაც მათ საშუალებას მისცემს, არსებითად ჩაერთონ საკანონმდებლო და პოლიტიკის შემუშავების პროცესებში. დოკუმენტში ასევე საუბარია, სამოქალაქო სექტორის თავისუფალი მუშაობის უზრუნველყოფაზე. 
 

ამ სტატიაში ვეცდებით განვმარტოთ, რამდენად ან როგორ ეხმიანება ევროკომისიის რეკომენდაციები ნარკოპოლიტიკას, რაკიღა მე-9 დათქმა სწორედაც რომ ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას გულისხმობს და გვეუბნება, რომ მნიშვნელოვანია ამ კუთხით ვითარება შეიცვალოს.
 

არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მართლმსაჯულებისა და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი, გურამ იმნაძე Drugpolicy.ge-თან საუბრობს თუ კონტექსტი აქვს ნარკოპოლიტიკას ევროინტეგრაციის ნაწილში და რა ტიპის ვალდებულებები გვაკისრია ამ კუთხით ევროკავშირთან. 
 

• კანდიდატის სტატუსი, ევროინტეგრაცია და ნარკოპოლიტიკა 

გურამ იმნაძის თქმით, ნარკოპოლიტიკას ევროინტეგრაციის ნაწილში ორი კონტექსტი აქვს. როგორც მანვე აღნიშნა, ერთი, ეს არის საერთაშორისო თანამშრომლობა, თუ რამდენად ეფექტურად ებრძვის სახელმწიფო ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობას, მეორე კი შიდა ეროვნულ ასპექტებს მოიცავს, თუ რა მიდგომები უნდა ჰქონდეს ქვეყანას ნარკოპოლიტიკის კუთხით. 
 

„უკანონო ვაჭრობის ნაწილში საუბარია მაგალითად, ამ გზით მიღებული შემოსავლის ლეგალიზაციაზე. ამ კუთხით, საქართველო, როგორც ევროპული ქვეყნებისთვის, ისე შეერთებული შტატებისთვისაც მიიჩნევა როგორც ეფექტური, სანდო პარტნიორი. ამდენად, ევროინტეგრაციის კონტექსტში, ამაზე, როგორც გამოწვევაზე საუბარი არ არის. ვგულისხმობ, ნარკომანიასთან უკანონო ბრძოლის თვალსაზრისით.
 

მეორე ასპექტი კი უფრო შიდა ეროვნულია, რაც ადამიანის უფლებებს უკავშირდება, რომ ქვეყანას ნარკოპოლიტიკის კონტექსტში დაბალანსებული მიდგომები ჰქონდეს და რომ უკანონო ვაჭრობის აღკვეთასთან ერთად, ჰქონდეს იგივე პრევენციის, ჯანდაცვის სერვისები“, - გვითხრა გურამ იმნაძემ. 
 

 

• რა იგულისხმება ევროკომისიის 9 დათქმაში

 

რაც შეეხება ევროკომისიის რეკომენდაციებსა და 9 პრიორიტეტულ მიმართულებას, რა კუთხითაც ქვეყანამ რეფორმები უნდა გაატაროს, გურამ იმნაძის თქმით, დოკუმენტში კონკრეტულად ნარკოდანაშაული მითითებული არ არის, თუმცა, ის, რომ ზოგადად, ქვეყანას ადეკვატური სერვისები უნდა ჰქონდეს და სამართალდამცველი მოქმედების დროს პოლიცია კანონიერად მოქმედებდეს, ასევე ამ საკითხებზე იყოს ეფექტური ზედამხედველობა, ცხადია, ნარკოპოლიტიკასაც შეეხება.
 

„პოლიციის კანონიერი მოქმედება მნიშვნელოვანია, რადგან წლების განმავლობაში, სწორედ ნარკოდანაშაულის დროს იდენდნენ ხოლმე დანაშაულს, როდესაც ხდებოდა ნარკოტიკის ჩადება და ა.შ. 
 

მეორე მიმართულებაა მკაცრი სასჯელები, მისი კანონიერად აღსრულება. თუკი კანონი მკაცრია, ის ცალკეული ჯგუფების მიმართ ცხადია პრობლემებს ქმნის და ეს სახელმწიფომ თავიდან უნდა აირიდოს. ამიტომაც, ამ საკითხზეც ევრო რეკომენდაცია ირიბად ვრცელდება“, - გვითხრა გურამ იმნაძემ. 
 

 

• რა კუთხით აქვს ქვეყანას სამუშაო ლიბერალიზაციისთვის 


გურამ იმნაძეს ვკითხეთ, რა კუთხით აქვს ქვეყანას მეტი სამუშაო ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის გზაზე და ამასთან, როგორია მისი მოსაზრება დღეს არსებულ მდგომარეობაზე. 
 

როგორც მან გვითხრა, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ათწლეულში ნარკოპოლიტიკა საქართველოში გაუმჯობესებისკენ წავიდა, აღარ არის ისეთი მკაცრი და ხისტი, როგორც ეს 2012 წელს იყო, ეს საკმარისი არ არის, რადგან სისტემური რეფორმები არ გატარებულა. 
 

„მიუხედავად იმისა, რომ შესამსუბუქებლად გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ჩვენი ნარკოპოლიტიკა დაბალანსებულია და რომ ამ პროცესში ადამიანის უფლებები, პირველ რიგში კი, ნარკოტიკების მომხმარებელთა უფლებები ადეკვატურადაა დაცული. 
 

რა თქმა უნდა, არ შეიძლება საზომად 2012 წელი ან მანამდე არსებული ვითარება ავიღოთ, რადგან იმ დროისთვის იმდენად ცუდი ნარკოპოლიტიკა იყო, რომ მასზე ოდნავ უკეთესობა, არ ნიშნავს, რომ ნარკოპოლიტიკა არის კარგი. 
 

უნდა ითქვას ისიც, რომ ამ კუთხით სისტემური რეფორმა არ გატარებულა, რაც ყველაზე დიდი პრობლემაა, რადგან ეს ცვლილებები ფრაგმენტული იყო. იგივე ის, რომ მარიხუანაზე მიდგომები შეიცვალა, მაგრამ სხვა მძიმე ნარკოტიკების მოხმარებაზე, კვლავ კრიმინალიზების პრობლემა არსებობს“, - აღნიშნა Drugpolicy.ge-თან საუბრისას იმნაძემ. 
 

მისი თქმით, არსებითად არ გადახედილა ნარკოტიკული საშუალებების ოდენობები, რაც ნიშნავს, რომ საბოლოო ჯამში ამაზე უსამართლო სასჯელები ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. 
 

„რაც მთავარია, ქვეყანაში კვლავაც ბევრი გამოწვევა რჩება ჯანდაცვისა და პრევენციის კუთხით, ამ მიმართულებით შეიძლება რაღაც წინსვლა, გარკვეული გაუმჯობესებები არის, მაგრამ სხვა ტიპის მიდგომებია საჭირო. 
 

პრევენციის კუთხით კი ქვეყანას ძალიან დიდი გამოწვევები აქვს, რის გამოც ჩვენ ვერ ვახერხებთ იმას, რომ იგივე ნარკოტიკის მოხმარების რაოდენობა და ზიანის შემცირება უზრუნველყოფილი იყოს. 
 

სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრების კუთხით კი არ არსებობს ერთიანი დიდი სისტემა, იგივე ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრები სახელმწიფოს მხრიდან უნდა იყოს უზრუნველყოფილი, ასევე პენიტენციურ დაწესებულებებში გრძელვადიანი ჩანაცვლებითი მკურნალობის სერვისები არ გვაქვს და ა.შ.
 

უფრო ზუსტი რომ ვიყო, ვითარება შეიცვალა, მაგრამ ეს არის ფრაგმენტული ხასიათის, რაც საკმარისი არ არის, რადგან დღეს არსებული ნარკოპოლიტიკა ძალიან ბევრი უსამართლობის წყაროა, დღესაც ბევრი ადამიანი იდევნება, ვერ აგვარებს ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეულ პრობლემებს იმის გამო, რომ სახელმწიფო კვლავაც ამ ჯგუფის გარიყვაზეა ორიენტირებული და ის არ გრძნობს მხარდაჭერას“, - აღნიშნა გურამ იმნაძემ.
 

 

• ორგანიზაციის გეგმები და ხედვა 


„რა თქმა უნდა, ჩვენ სხვა ბევრ პარტნიორთან ერთად ამ საკითხებზე მუშაობას გავაგრძელებთ და ამ ნაწილში რამდენიმე მიმართულებაა“, - ამბობს გურამ იმნაძე. 
 

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სისტემური რეფორმის პოლიტიკური ნება არ არსებობს, ადამიანის უფლებების გასაუმჯობესებლად არსებობს სხვა მექანიზმები: 
 

„თუნდაც ის, რომ რაღაცები ფრაგმენტულად მაინც გაუმჯობესდეს და თუნდაც ის, რომ მცირედით მაინც ქვეყანაში ნარკოტიკების მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობა გაუმჯობესდეს, ეს მნიშვნელოვანია. 
 

ასევე, სტრატეგიული სამართალწარმოების მექანიზმები, რომლითაც ნელ-ნელა, მაგრამ მაინც სწორი მიმართულებით შეიძლება არსებული ვითარება ტრანსფორმირდეს. 
 

რაც მთავარია, მნიშვნელოვანია საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია, რომ ეს პრობლემა არ მოგვარებულა და კვლავაც არსებობს, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ისევ დიდი რისკის ქვეშაა, უსამართლო სასჯელის მსხვერპლი გახდეს.“ - გვითხრა გურამ იმნაძემ.

 

ავტორი: სალომე სარიშვილი


ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები ბაზარზე და მზარდი ტენდენცია - რამდენად მნიშვნელოვანია სრულყოფილი პრევენცია

ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები ბაზარზე და მზარდი ტენდენცია - რამდენად მნიშვნელოვანია სრულყოფილი პრევენცია

9 თებერვალი, 2024
რჩევები მშობლებს | მოზარდებში ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების შესახებ

რჩევები მშობლებს | მოზარდებში ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების შესახებ

6 თებერვალი, 2024
ოპიოიდებზე დამოკიდებულება და მკურნალობა | ხშირად დასმული შეკითხვები

ოპიოიდებზე დამოკიდებულება და მკურნალობა | ხშირად დასმული შეკითხვები

6 თებერვალი, 2024
საჯარო მიმართვა ჯანდაცვის სამინისტროს

საჯარო მიმართვა ჯანდაცვის სამინისტროს

6 თებერვალი, 2024