
ჩვენ ვარსებობთ ნარკოტიკების მომხმარებელ ქალთა ნამუშევრების გამოფენა/გაყიდვა
16 მარტს, „წიგნის სახლში ბახტრიონზე“ ,,ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის" ორგანიზებით ნარკოტიკების მომხმარებელ ქალთა ნამუშევრების გამოფენა/გაყიდვა გაიმართა. ამ პერიოდს გაზაფხულის სიხარულთან ერთად ქალებისთვის გამორჩეული ყურადღება და სიყვარული მოაქვს. ამიტომ შემთხვევითი არ არის, რომ ზუსტად მარტის თვეში დაიგეგმა ჩვენი ბენეფიციარი ქალბატონების ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა. გამოფენის მთავარი გზავნილი იყო – „ჩვენ ვარსებობთ“ და მიზნად ისახავდა ნარკომომხმარებელ ქალთა საკითხებზე და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბარს, რაშიც აქტიურად იყვნენ ჩართულები: ფსიქოლოგები, ნარკოლოგები, არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციები.
ორგანიზაციებმა ,,ახალი გზა“ და ,,ჰეპა პლიუსი“ - წარმოადგინეს კვლევები, რომელშიც ამ ჯგუფების საჭიროებები და გამოწვევები იყო ასახული.
გამოფენას ესწრებოდნენ საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლები და სათემო ორგანიზაციები, ასევე თბილისის საკრებულოს,გენდერული საბჭოს წევრები. შეხვედრის ბოლოს მხარეებმა მზაობა გამოთქვეს სამომავლო თანამშრომლობის გასაგრძელებლად.
საღამო სრულიად განსხვავებულ ფორმატში გაიმართა... ეს იყო შემოქმედებითი, ემოციური და საინტერესო გარემო. მსახიობმა მაკა შალიკაშვილმა ღონისძიების დასასრულს შეკრებილ საზოგადოებას მიმართა და ერთ-ერთი ყოფილი ნარკოდამოკიდებული ქალი პოეტის ლექსები წაიკითხა. ,,ჩვენ ვარსებობთ, იმედია, მოვა დრო, როცა ჩვენს ხმას გაიგებენ“ – ნარკომომხმარებელ ქალთა ნამუშევრების გამოფენა და „უხილავი“ პოპულაცია ხილული პრობლემის წინაშე,
სამოქალაქო საზოგადოებასა და თბილისის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან მიმდინარეობს კომუნილაცია. უახლოეს მომავალში საკრებულოში იგეგმება სამუშაო შეხვედრა, სადაც ნარკომომხმარებელი ქალების პრობლემები და მათი გადაჭრის გზები იქნება განხილული. იმედია, რომ ეს თანამშრომლობა წარმატებული იქნება.