
„დიახ! ჩვენ შეგვიძლია დავასრულოთ ტუბერკულოზი“
24 მარტს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით ტუბერკულოზის მსოფლიო დღე აღინიშნება. 2023 წლის კამპანია სლოგანით „დიახ! ჩვენ შეგვიძლია დავასრულოთ ტუბერკულოზი“ ყურადღებას ამახვილებს რესურსების ინვესტიციაზე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების სწრაფად დანერგვასა და მულტისექტორულ თანამშრომლობაზე. ტუბერკულოზის ეპიდემიის დასრულება 2030 წლისათვი გაეროს მდგრადი განვითარების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სამიზნეა.
24 მარტს საქართველო უერთდება ტუბერკულოზის მსოფლიო დღის აღნიშვნას. თარიღთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივითა და აივ ინფექცია/შიდსთან, ტუბერკულოზსა და მალარიასთან ბრძოლის გლობალურ ფონდის მხარდაჭერით, შეხვედრა გაიმართა. აღინიშნა, რომ ქვეყანას, უკანასკნელ პერიოდში, ტუბერკულოზის მართვის მიმართულებით, მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს. საქართველომ შეძლო ტუბერკულოზის ინციდენტობის 50%-ით შემცირება. 2022 წელს შემცირება ძირითადად შეეხო წამლისადმი რეზისტენტული ტუბერკულოზის შემთხვევებს. სულ წლის განმავლობაში დარეგისტრირდა 1635 პაციენტი, მათ შორის 173 ტუბერკულოზის რეზისტენტული ფორმით.
ქვეყანაში მოქმედებს „ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამა”, რომლის მიზანია ინფიცირების შემთხვევების ეფექტური დიაგნოსტიკა და მკურნალობა, ტუბერკულოზით ავადობის, სიკვდილიანობის, საზოგადოებაში ინფექციის გავრცელების შემცირება და ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტების მიმართ რეზისტენტობის განვითარების პრევენცია.
პროგრამის ფარგლებში, ხელმისაწვდომია ამბულატორიული და სტაციონარული მკურნალობა. ასევე, ყველა პაციენტისთვის ხელმისაწვდომია ხარისხიანი, უახლესი თაობის ანტიტუბერკულოზური მედიკამენტები. მომსახურებები ფინანსდება სრულად და არ ითვალისწინებს თანაგადახდას პაციენტის მხრიდან.
ტუბერკულოზის დღისადმი გამართულ ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა ავალიანი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი სილვიუ დომენტე, პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლების, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორის და პაციენტთა სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიების დასასრულს, ტუბერკულოზის სფეროში შეტანილი წვლილისთვის, ექიმების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.