
სახელმწიფოს მიდგომა კვლავ სადამსჯელოა | რა ხდება ნარკოპოლიტიკაში
„არ შეცვლილა სახელმწიფოს მიდგომა ნარკოტიკულ დანაშაულებთან მიმართებით. მკაცრი ნარკოპოლიტიკა კვლავ წარმოადგენს ქვეყნის სისხლის სამართლის პოლიტიკის ნაწილს. შესაბამისად, ნარკოტიკულ დანაშაულებთან ბრძოლა კვლავ რეპრესიული და არა ზრუნვაზე ორიენტირებული ინსტრუმენტებით მიმდინარეობს”, – ასეთია საქართველოში დღეს მოქმედი ნარკოპოლიტიკის შეფასება. არაერთი მცდელობისა თუ საკანონმდებლო ინიციატივისა, ქვეყანაში ნარკოპოლიტიკის ძირეული რეფორმა ვერ განხორციელდა.
ეს ამონარიდი საქართველოში ნარკოპოლიტიკაზე მომუშავე ორგანიზაცია - „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ანგარიშიდანაა.
მათივე თქმით, 2015 წლიდან დღემდე, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების დამსახურებით, ნარკოპოლიტიკა საქართველოში უფრო მეტად ჰუმანური გახდა, ვიდრე მანამდე იყო, თუმცა, არსებითად ის კვლავაც დასჯის და სისხლისსამართლებრივ მექანიზმებს ეყრდნობა.
„ცალკეული მიმართულებებით (მაგალითად, მარიხუანას მოხმარებაზე ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი სანქციების გაუქმება) სასჯელის შემსუბუქება, ან გაუქმება ვერ ჩაითვლება ზოგადად ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციად. მით უფრო, რომ სახელმწიფოს ამ დრომდე არ აქვს ქმედითი ღონისძიებები გატარებული ნარკოტიკის მოხმარების პრევენციის კუთხით და კვლავაც ფრაგმენტული და არასაკმარისია ზიანის შემცირების და მკურნალობის მიმართულებით არსებული პროგრამები“, - წერენ ისინი.
მათ მსგავსად კრიტიკული შეფასებები აქვთ სხვა ადგილობრივ თუ საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლებიც ქვეყანაში ნარკოპოლიტიკის კომპლექსური ცვლილებების მხარდამჭერნი არიან. მაგალითად, Human Rights Watch-ის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ხელისუფლებამ მკაცრ კანონმდებლობას ინარჩუნებს, რომლითაც ადამიანებს ნარკოტიკული ნივთიერების (მარიხუანის გარდა) მოხმარების ან პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვისთვის სჯიან.
„საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ადამიანის პატიმრობა ნარკოტიკული საშუალების ისეთი მცირე ოდენობით ფლობისთვის, რომელიც ინტოქსიკაციას არ იწვევს. თუმცა, საკანონმდებლო რეფორმა, რომლითაც ნარკოტიკის მოხმარებისადმი საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე ორიენტირებული მიდგომები დაინერგებოდა და ძირეულად შეიცვლებოდა არსებული სადამსჯელო პრაქტიკა, კვლავ განუხილველი დარჩა“, - ნათქვამია მათ განცხადებაში.
მსგავსი პათოსი აქვს სახალხო დამცველის ბოლო ანგარიშს ამ თემაზე. ომბუდსმენის აპარატი წლებია მიუთითებს მკაცრი და სადამსჯელო ნარკოპოლიტიკის ზრუნვასა და მკურნალობაზე ორიენტირებული მიდგომით ჩანაცვლების საჭიროებაზე, თუმცა, მათი თქმითაც, ეს საკითხი კვლავ გამოწვევად რჩება.
2021 წლის ანგარიშში, ომბუდსმენი პარლამენტს ამ რეკომენდაციით მიმართავს:
• კანონში შევიდეს ცვლილება და ნარკოტიკული საშუალებების მცირე ოდენობები ჩამოყალიბდეს არა ეპიზოდური მომხმარებლის ერთჯერადი დოზის, არამედ რეგულარული მომხმარებლის დღიური დოზის გათვალისწინებით;
• დაინიცირდეს ნარკოპოლიტიკის ფუნდამენტური ცვლილებების რეფორმის კანონპროექტი, რომელიც დაეფუძნება მომხმარებლებზე ზრუნვას და ორიენტირებული იქნება სამედიცინო სერვისების განვითარებაზე.
ნარკოპოლიტიკის არშემდგარი რეფორმა - სად შევჩერდით
ნარკოპოლიტიკის ძირეული ცვლილებებისთვის კანონპროექტი პარლამენტში 2017 წელს დარეგისტრირდა. მისი ავტორი „ნარკოპოლიტიკის პლატფორმა“ იყო, რომელიც დარგში მომუშავე ორგანიზაციებს აერთიანებდა. ინიცირებული ვარიანტის ძირითადი არსი ის იყო, რომ ნარკოტიკული საშუალების მოხმარება და პირადი მოხმარების მიზნით მცირე ოდენობით ფლობა კრიმინალური პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებულიყო. პროექტი ასევე ითვალისწინებდა ყველაზე მწვავე პრობლემის – ნარკოტიკული საშუალებების ოდენობების ახლებურად განსაზღვრას. რეფორმის კონცეფცია ასევე მოიცავდა ე.წ. გადამისამართების კომისიების შექმნასაც, სადაც მულტიდისციპლინური გუნდი ადამიანს შესაბამის დახმარებას გაუწევდა.
ეს რეფორმა იყო ბოლო პერიოდის ყველაზე დიდი იმედი საზოგადოებისთვის, რომ საბოლოოდ ქვეყანა რეპრესიული ნარკოპოლიტიკიდან ზრუნვაზე ორიენტირებული მიდგომებისკენ აიღებდა გეზს.
რა ბედი ეწია ამ კანონპროექტს? –საქართველოში ნარკოპოლიტიკის რეფორმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებშიც ვერ შედგა. ინიციირებიდან 6 წელი გავიდა და აღნიშნული პროექტის განხილვა დღის წესრიგში აღარ მოიაზრება.
როგორც კანონპროექტის ავტორები ამბობენ, პროექტის ირგვლივ ძალოვანი უწყებების მხრიდან განსაკუთრებული წინააღმდეგობა ნარკოტიკული საშუალებების ოდენობების საკითხს მოჰყვა, გარკვეულ დათმობებზე წასვლა ინიციატორებსაც მოუწიათ, თუმცა საბოლოო შედეგისთვის, „პოზიციათა შეჯერებისთვის“ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
ამ პროცესების თანადროულად, ვრცელდებოდა მანიპულაციური და დეზინფორმაციული ინფორმაციები რეფორმის მიზნების შესახებ, მიმდინარეობდა მადისკრედიტებელი კამპანია აქტივისტებისა და ნარკოპოლიტიკის მოძრაობების წინააღმდეგ ეკლესიისა თუ სხვა მარგინალური ჯგუფების მხრიდან.
2018 წელს მოხდა „ბასიანის დარბევა“ - ნარკოტიკის გამსაღებლებთან ბრძოლის მოტივით კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაცია. კონტრაქციის ფონზე მიმდინარე აქციებისას მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გასცა დაპირება, რომ გაიმართება შეხვედრები და „ჩვენ კონკრეტულ შედეგებს მივაღწევთ ნარკოპოლიტიკის მიმართულებით“. მისი ამ დაპირების შემდეგ პარლამენტის წინ შეკრებილი აქცია დაიშალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ შეიქმნებოდა ორი სამუშაო ჯგუფი, ერთი იმუშავებდა ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე, მეორე – 12 მაისის სპეცოპერაციის თემაზე. თუმცა, ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე მას შემდეგ ამ ფორმატში არც სამუშაო ჯგუფი შექმნილა და არც შეხვედრა გამართულა.
რა სარგებელს მიიღებდა საზოგადოება თუ აღნიშნული რეფორმა სრულად გატარდებოდა?
საკანონმდებლო ცვლილებების გარდა, პლატფორმის კანონპროექტის მიზანი იყო ისეთი გარემოს შექმნა, სადაც პრობლემის მქონე მომხმარებლებისთვის გაცილებით მარტივი იქნებოდა დახმარების მიღება.
კონცეფცია 4 კომპონენტისგან შედგებოდა:
1. ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პრევენციაზე მიმართული სისტემის ამუშავება (ცალკე შემუშავდა პრევენციის სტრატეგიის დოკუმენტი);
2. შეფასების და გადამისამართების კომისიების ამოქმედება (პორტუგალიის მოდელის მსგავსად);
3. კონსულტირებისა და მკურნალობის სერვისების სპექტრის გაფართოება (ასევე იმ სერვისების დამატება, რომლებიც აუცილებელია, მაგრამ დღეს საქართველოში არ გვაქვს);
4. ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სისტემის ჩამოყალიბება;
აღნიშნულ კანონპროექტზე საქართველოს პარლამენტმა ასევე მოამზადა საქართველოს ნარკოპოლიტიკის რეფორმის რეგულირების გავლენის შეფასება (RIA).
მომზადებული კანონპროექტის შესაბამისი სცენარი, შეფასების შედეგად, ყველაზე უპირატესი აღმოჩნდა. რა მოხდებოდა ამ სცენარით? - დოკუმენტში ვკითხულობთ:
„ამ შემთხვევაში მოხდება აივ/შიდსის და ვირუსული C ჰეპატიტის პრევენციის და მკურნალობის (C ჰეპატიტის ელიმინაციის) ეროვნული პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა. სცენარით გათვალისწინებული სამკურნალო და სარეაბილიტაციო სერვისების დანერგვის შედეგად, ქვეყანაში შემცირდება ნარკოტიკების პრობლემური მომხმარებლების რიცხვი. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მკურნალობის, სულ მცირე, 3-თვიანი კურსი.
სამკურნალო-სარეაბილიტაციო და ზიანის შემცირების სერვისების სრულად ამოქმედების შედეგად, შემცირდება ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებული უარყოფითი ჯანდაცვის, სოციალური და ეკონომიკური შედეგები ინდივიდების, თემის და მთლიანად საზოგადოების დონეზე. გაიზრდება ნარკოტიკების იმ მომხმარებლების რიცხვი, რომლებიც ჩართულები არიან საკონსულტაციო, სამკურნალო, სარეაბილიტაციო და ზიანის შემცირების პროგრამებში. დაინერგება პირველადი პრევენცია, რის შედეგად შემცირდება მოთხოვნა ნარკოტიკებზე, რადგან მოსახლეობას, განსაკუთრებით მოზარდებს და ახალგაზრდებს, ექნებათ ობიექტური ინფორმაცია ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების შედეგების შესახებ. პირველადი პრევენციის განხორციელება ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას. ჯანმრთელობისათვის საზიანო ქცევების ალბათობა და ნარკოტიკების ახალი მომხმარებლების რაოდენობის ზრდა მნიშვნელოვნად შემცირდება. ახალგაზრდები ნაკლებად მოხვდებიან ნარკოტიკებთან დაკავშირებულ კრიმინალურ გარემოცვაში, რაც უზრუნველყოფს საზოგადოებრივი უსაფრთხოების გაუმჯობესებას“.
ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ნარკოკანონმდებლობის რეფორმის შედეგად მოხდებოდა:
- სამართალწარმოებისას ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დაცვა;
- სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ალტერნატიული ზომებისათვის უპირატესობის მინიჭება;
- არადამსჯელობითი სისხლისსამართლებრივი რეგულირების უზრუნველყოფა;
- ინდივიდუალური მიდგომის უპირველესი გათვალისწინება მოსამართლის მიერ;
- რეფორმა შეამცირებდა ნარკოტიკების მომხმარებელი ქალების უკიდურეს სტიგმატიზაციას, რომლებიც განსაკუთრებით ფარულ პოპულაციას წარმოადგენენ და გაზრდიდა მათი ზრუნვისა და დახმარების სერვისებში ჩართვის შესაძლებლობას;
- რეფორმა დაეხმარებოდა მოქალაქეებს საზოგადოებაში და ოჯახში წარმატებულ რეინტეგრაციასა და დაბრუნებაში, ვინაიდან ადამიანებს აღარ გაასამართლებენ ნარკოტიკების მოხმარების გამო, თუ არ ექნებათ ჩადენილი სხვა დანაშაული, და ამის სანაცვლოდ შესთავაზებდნენ დახმარებას მის წინაშე არსებული პრობლემების დასაძლევად.
- ნარკოტიკების პრობლემური მომხმარებლების სამკურნალო და სარეაბილიტაციო პროგრამებში მონაწილეობა ხელს შეუწყობდა მათ ოჯახებში მატერიალური ხარჯების შემცირებას, ოჯახური ურთიერთობების დარეგულირებას, ემოციური ზიანის შემცირებას;
- ძალოვან სტრუქტურებს მიეცემოდათ შესაძლებლობა, გამოთავისუფლებული დროით მეტი რესურსი მიემართათ საზოგადოებისათვის საფრთხის შემცველი დანაშაულის აღკვეთასა და ასეთ დანაშაულზე რეაგირებაზე...
დოკუმენტში ასევე აღნიშნული იყო, რომ რეფორმით არ არის მოსალოდნელი ნარკოტიკებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. ვინაიდან ნარკოტიკების ნებისმიერი ოდენობით გასაღება იქნება დასჯადი და პოლიციას უნარჩუნდება ყველა ადეკვატური მექანიზმი, რათა აღკვეთოს ნარკოტიკების უკანონო ბრუნვა.
ხოლო იმ შემთხვევაში თუ რეფორმა არ განხორციელდება, დოკუმენტში მოვლენათა განვითარების ასეთი სცენარი იყო:
შენარჩუნდება არსებული ნარკოპოლიტიკა და მასთან დაკავშირებული უარყოფითი ტენდენციები - ეს მოიცავს ნარკომომხმარებლების რაოდენობის ზრდას, გადამდები ინფექციების გავრცელებას და მათი მკურნალობის ნაკლებ ეფექტიანობას, ნარკომომხმარებელთა ოჯახების ეკონომიკურ მდგომარეობას და ა.შ.
ავტორი: ნათია ამირანაშვილი