
მკურნალობა და რეაბილიტაცია ერთ სივრცეში - როგორია ინოვაციური პრაქტიკა მსოფლიოში
ნარკოტიკების მიღების შედეგად გამოწვეული ზიანის მკურნალობისა და მომხმარებელთა დეტოქსიკაცია-რეაბილიტაციის პროცესი მსოფლიო პრაქტიკაში სულ უფრო და უფრო ინოვაციური და შედეგზე ორიენტირებული ხდება.
ნათელია, რომ ამ კუთხით, წამყვანი ქვეყნების პრაქტიკა მნიშვნელოვნად ცვლის ნარკოვითარების დღის წესრიგს და შედეგად დამოკიდებულების მქონე ადამიანები სწორი რეაბილიტაციის პროცესით ფხიზელი ცხოვრების რეჟიმს უბრუნდებიან.
სწორედ ამ გამოცდილების გაზიარებისა და დანერგილი პრაქტიკის უკეთ გასაცნობად, ფსიქოსოციალური სარეაბილიტაციო ცენტრის-„გამოსავლის“ დახმარებით, ქართველი ექიმები სამუშაო ვიზიტით ისრაელში იმყოფებოდნენ. მედიკოსებმა ისრაელის ალკოჰოლიზმისა და ნარკომანიის რეაბილიტაციის ცენტ „ფენიქსში“ კოლეგებთან და ბენეფიციარებთან შეხვედრები გამართეს და ერთმანეთს მიღებული გამოცდილება გაუზიარეს.
აქვე, ინფორმაციისთვის უნდა აღინიშნოს, რომ „ფენიქსი“ ისრაელში ერთ-ერთი წამყვანი სარეაბილიტაციო ცენტრია, რომელიც მრავალი წელია ნარკოტიკებზე და ალკოჰოლზე დამოკიდებულებას წარმატებით მკურნალობს.
თითოეული ბენეფიციარისთვის ცენტრის კონსულტანტებს ინდივიდუალურ მიდგომა აქვთ შემუშავებული და ძირითად შემთხვევაში, მუშაობის გუნდური პრინციპი.
„ფენიქსის“ წარმატების საწინდარი კი, მკურნალობის თანამედროვე მეთოდები, აპარატურა, მაღალკვალიფიციური სპეციალისტები და რაც მთავარია, ბენეფიციარებისთვის მეგობრული, სპეციალური გარემოა.
ნარკოლოგიური კლინიკა „ლიბერტასის“ კლინიკური დირექტორი, ექიმი ნარკოლოგი, თათა ასათიანი გვიამბობს, როგორია ისრაელის მიდგომა ნარკომომხმარებელთა მკურნალობა-რეაბილიტაციის პროცესში და რამდენად დიდი გავლენა იქონია „ფენიქსში“დანერგილმა სისტემამ ბენეფიციარების ცხოვრებაზე.
როგორც ექიმი ნარკოლოგი აღნიშნავს, სარეაბილიტაციო ცენტრი - „ფენიქსი“, რომელსაც სახლებს ეძახიან, ჯამში 8 შენობას მოიცავს- მათ სახლებს უწოდებენ, ისინი სამ სექტორშია არიან გაერთიანებული, აქედან 2-ში დეტოქსიკაციისა და რეაბილიტაციის პროცესი ერთად მიმდინარეობს.
- როგორ ხდება მკურნალობა
„აღნიშნული კურსი 6 თვიანია და მისი დასრულების შემდეგ, ბენეფიციარის სურვილის შემთხვევაში, იგი კონსულტანტის 3 თვიან კურსებს გადის და ხდება კონსულტანტის დამხმარე, შემდეგ კი თავად კონსულტანტი.
ამის შემდეგ კი, იგი სხვა ბენეფიციარის დახმარებას იწყებს და მოგეხსენებათ, რომ სხვისი დახმარება, საკუთარი თავის ყველაზე დიდი დახმარებაა. ეს ცენტრები 12 ნაბიჯის პროგრამით მუშაობს, თუმცა არა კლასიკური მეთოდით, არამედ მოდიფიცირებული ფორმით, რაც ნიშნავს, რომ პრაქტიკა მათ რეალობასთანაა ადაპტირებული.
პირველ ეტაპზე, გარკვეულ ცენტრებში დეტოქსიკაცია ხორციელდება, რომელიც დაახლოებით 2-იდან 3 თვემდე გრძელდება და ამის პარალელურად უკვე რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს.
დეტოქსიკაციის პროცესის დასრულების შემდეგ, პაციენტი ამ რეაბილიტაციას აგრძელებს“, - გვიამბობს თათა ასათიანი.
- მეგობრული გარემო - შედეგზე ორიენტირებული საუკეთესო პრაქტიკა
როგორც თათა ასათიანი გვიყვება, „ფენიქსში“ სპეციალურად შექმნილი მეგობრული და ოჯახური გარემოა, რაც პაციენტებისთვის მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორია.
„როგორც მოგეხსენებათ, ეს არის სახლები კეთილმოწყობილი ეზოებით, რომელიც დახურულადაა მოწყობილი და მათ გარე სამყაროსთან არანაირი კომუნიკაცია არ აქვთ. ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თვითონ ამ აწყობილმა სისტემამ და პირველ რიგში, ურთიერთობებმა კონსულტანტებს, ცენტის დამფუძნებლებსა და ბენეფიციარებს შორის.
იცით, რომ ჩვენთან კომპლექსური მკურნალობაა და დეტოქსიკაციის პროცესში უამრავი პრეპარატი გამოიყენება, მათ შორისაა, საკმაოდ მძიმე მედიკამენტი, რომელსაც თან არაერთი გართულება ახლავს, თუმცა, საქართველოს რეალობიდან გამომდინარე, ჩვენ ამ პრეპარატების გამოყენება გვიწევს.
ისრაელში კი დეტოქსიკაციის პროცესი ძირითადად ერთი პრეპარატით ხორციელდება და ეს არის ოპიოიდური ჩამანაცვლებელი მედიკამენტი, დოზის კლებითი პრინციპით.
ბოლო ეტაპზე, შესაძლოა, მინიმალური პრეპარატების დამატება გახდეს საჭირო. მაგალითად, საძილე, დამამშვიდებელი, თუმცა, როგორც უკვე გითხარით, დეტოქსიკაცია ძირითად შემთხვევაში, 1 ჩამანაცვლებელი პრეპარატით მიმდინარეობს“, - აღნიშნა თათა ასათიანმა.
- შედეგი, როგორც გზა ფხიზელი ცხოვრებისკენ
„გამაოცა იმ ფაქტმა, რომ თვითონ ამ ცენტრის დამფუძნებლებსა და კონსულტანტებს ახსოვთ ყველა ბენეფიციარი, რომელთაც ეს პროცესი მათ ცენტრში გაუვლიათ. მეტიც, ყველა მათგანთან აქვთ კომუნიკაცია და ხელს უწყობენ, ეხმარებიან რესოციალიზაციის პროცესში.
იქვე ფოტოებით სხვა ქვეყნების ცენტრებიც დავათვალიერეთ და საინტერესოა, რომ ბევრმა ადამიანმა, ვინც ეს პროცესი წარსულში გაიარა, ახლა უკვე თავიანთ ქვეყნებში, ამ სისტემაზე მომუშავე, მსგავსი ცენტრები გახსნეს. აქედან გამომდინარე, შედეგი ნამდვილად დიდია და ეს სახეზეა“, - გვითხრა თათა ასათიანმა.
- რამდენად მნიშვნელოვანია თანამედროვე პრაქტიკის დანერგვა საქართველოში
„ეს გახლავთ პერსპექტივა და ვფიქრობ, სამომავლოდ აუცილებლად ამ მიმართულებით უნდა წავიდეთ“, - ამბობს თათა ასათიანი და ყურადღებას საქართველოში არსებულ ვითარებაზე ამახვილებს:
„საქართველოში დახურული დეტოქს კლინიკებია, სადაც მკურნალობა დაახლოებით 2 კვირა, 20 დღე გრძელდება და გამოფხიზლების პროცესისთვის ეს საკმარისი ნამდვილად არ არის.
კი ბატონო, დეტოქსიკაციის შემდეგ, ჩვენ პაციენტებს რეაბილიტაციის ცენტრებშიც ვამისამართებთ, მაგრამ ყველას არ აქვს ამის ფინანსური საშუალება, ამიტომ აუცილებელია არსებობდეს ცენტრები, სადაც დეტოქსიკაციისა და რეაბილიტაციის პროცესი ერთ სივრცეში განხორციელება მოხდება.
ასეთ შემთხვევაში, ის მომენტი, რომ ადამიანი არ არის მაინც და მაინც ერთ სივრცეში, შეუძლია ეზოში გამოსვლა, ფეხით გასეირნება, ხელს უწყობს იმ პროცესს, რომ ბენეფიციარი ამდენი ხნის განმავლობაში ერთ სივრცეში დარჩეს“. - აღნიშნა ექიმმა.
ავტორი: სალომე სარიშვილი