უხილავების ცოცხალი ისტორიები - საუბრობენ ნარკომომხმარებელი ქალები
სტიგმა და დისკრიმინაცია, ოჯახიდან, საზოგადოებიდან გარიყვა, კრიმინალიზება, დასაქმების პრობლემები, უამრავი ბარიერი სერვისების მიღებისას - ნარკომომხმარებელი ქალები საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მარგინალიზებული და მოწყვლადი ჯგუფია.
„ყველგან არ ვამბობ, რადგან ვიცი, რა დამოკიდებულებაც ექნებათ. შენ ეგ არ გეკადრება... ეს ნარკომანიაო, გაგინებენ, გწყევლიან“, - გვიყვებიან ქალი ნარკომომხმარებლები ინტერვიუსას.
ჩვენთან საუბრისას ისინი იხსენებენ საზოგადოების წევრების მხრიდან უდიერ დამოკიდებულებას:
„საბურთალოს ქუჩაზე სალონის მეპატრონემ გამომიცხადა, რომ ძალიან გთხოვ, მიუხედავად ჩემი პატივისცემისა და სიყვარულისა, აღარ მოხვიდე ამ სალონში, კლიენტებმა მთხოვეს. მისი ერთ-ერთი კლიენტის ქმარი ჩემთან პროგრამაში დადიოდა და იმან თქვა ეს ყველაფერი, რომ ეს გოგო ჩვენთან დადის. ყველამ პროტესტი გამოთქვა, აღარ ვივლითო. გავითვალისწინე მეპატრონის მდგომარეობა, სესხით ჰქონდა გაკეთებული სალონი“, - ამბობს ნინო (სახელი შეცვლილია);
„6-7 თვის წინ, ფეხში რომ ვიკეთებდი, დამიჩირქდა. მოვასწარი სასწრაფოში დარეკვა. სასწრაფომ რომ წამიყვანა, 3-4 დღის მერე რეანიმაციაში გავიღვიძე. ეგონათ, უპატრონო ვიყავი. მერე კი მოვიდა ყოფილი დედამთილი იმის საჩვენებლად, რომ არ ვიყავი უპატრონო, თორემ ფეხს მომაჭრიდნენ“, - ამბობს ნანა (სახელი შეცვლილია).
საზოგადოებაში არსებული მკაცრად უარყოფითი დამოკიდებულების გამო სტიგმაში ასევე ეხვევიან ნარკომომხმარებელი ქალების ოჯახის წევრებიც. ეს ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორია იმისა, რის გამოც ქალები იმალებიან და უარს ამბობენ სერვისებით სარგებლობაზე.
„თუნდაც შვილს შემთხვევაში, ცოლის მოყვანაზე ან გათხოვებაზე პრობლემა იქმნება იმის გამო, რომ ის ნარკომანი დედის შვილია. გოგოს მამამ აუკრძალა ურთიერთობა ჩემს შვილთან, ალბათ იმის გამო, რომ გაიკითხა ჩემი ისტორია“, - ამბობს ნინო.
ნინო ასევე საუბრობს ჩანაცვლებით პროგრამაში არსებულ პრობლემებზე, პერსონალის მხრიდან დამოკიდებულებაზე და იმ გამოწვევებზე, რასაც ქალებზე მოურგებელი სერვისები ქმნის.
„12 წელია პროგრამაში ვარ, მე-13 წელი დაიწყო. მე ის პრობლემა მაქვს, რომ ყველა ძალიან დილით მიდის და მეც კი ვცდილობ, დაკეტვის მომენტში მივიდე, რომ ბევრ ხალხს არ შევხვდე. ჩემი კორპუსის მამაკაცებიდან თითქმის ნახევარი მანდ დადის და ამის გამო ვერიდები. იქაც თითს გამოიშვერენ... თანამშრომლები თვითონ შიგნით არიან ძალიან აგრესიულები და იგრძნობა ზევიდან გადმოხედვა“, - ამბობს ნინო.
მათთვის პრობლემაა დასაქმებაც. სტიგმა და ნასამართლობა უხერგავს ყველანაირ გზას, დასაქმდნენ და და ჰქონდეთ ადეკვატური შემოსავალი. უმუშევრობის პრობლემა კი მათ კვლავ არ აძლევთ შესაძლებლობას, თავი დააღწიონ „მოჯადოებულ წრეს“.
„ციხეში თუ ხარ ნაჯდომი არავინ არ მიგიღებს სამსახურში. რომ შევლენ კომპიუტერში, ჩანს ყველაფერი, რომ ხარ ნაციხარი და რომ ხარ პროგრამაში“, - გვეუბნება ნანა.
მისი თქმით, ნარკოტიკების მოხმარების გამო ციხეში სამჯერ მოხვდა. მათ შორის ერთხელ ე.წ. ნახმარი შპრიცის გამო.
„აფხაზეთიდან რომ წამოვედი და სტრესში რომ ჩავარდი, მოვხვდი ისეთ ხალხში, რომლებიც იკეთებდნენ და მეც გავიკეთე. იმის მერე, 23 წელია ვიკეთებ. ახლა პროგრამაშიც ვარ. 3-ჯერ ვყოფილვარ ციხეში. მერე გამოვიდოდი და ისევ... სახლი არ მაქვს, დევნილი რომ ვარ, იმიტომ.
...რომ არ გაქვს ბინა და ფული და არსებობა რომ გჭირდება, ისევ იმ ჭაობში გვიწევს მისვლა.... პირიქით, დევნილებს უნდა ეხმარებოდნენ და არა უბიძგონ ციხეში წავიდნენ... მუშაობას არსად არ დამაწყებინებენ, გამორიცხულია. ან ნარკომანი ხარ, ან ნაციხარი ხარ. თვითონ მიბიძგებენ, რომ ან მოვიპარო, ან წამალი გავიკეთო“, - ამბობს ნანა.
რას ამბობენ კვლევები?
„ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტისადმი” საქართველოს ზიანის შემცირების ქსელისა და ევრაზიის ზიანის შემცირების ქსელის 2014 წლის ერთობლივი ანგარიშის მიხედვით, საქართველოში 40 000 პრობლემური [განახლებული მონაცემები - 51 000] ნარკომომხმარებლიდან 10%-ს ქალები შეადგენენ.
სტიგმა, დისკრიმინაცია და ძალადობის ფორმები ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელ ქალებში - ამ სახელწოდებით თვისებრივი კვლევა საქართველოში 2018 წელს ჩატარდა „საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიურ ცენტრ თანადგომისა“ და დამოკიდებულების კვლევითი ცენტრ „ალტერნატივა ჯორჯიას“ მიერ.
ავტორები წერდნენ, რომ ნარკომომხმარებელი ქალების პრობლემები მრავალმხრივია და შედგება შემდეგი ასპექტებისგან:
„საზოგადოებაში გავრცელებული სტერეოტიპების, სტიგმის და არა ტოლერანტული დამოკიდებულების გამო, ნარკოტიკების მომხმარებელი ქალი მანკიერი წრის მსხვერპლი ხდება და ორმაგად არის მოწყვლადი დისკრიმინაციისა და ძალადობისადმი. ამას ემატება მკაცრი ნარკოპოლიტიკა, რომელიც მათ ხშირად პოლიციის მხრიდან ძალადობის და უხეში მოპყრობის მსხვერპლად აქცევს;
- იკვეთება გენდერული დისკრიმინაცია და ძალადობა, რომელიც არ აძლევს ნარკოტიკების მომხმარებელ ქალებს საშუალებას, მიმართონ მათთვის საჭირო სერვისებს;
- საქართველოში ნარკოტიკების მომხმარებელი ქალებისთვის სერვისები არ არის გენდერულად სენსიტიური. რიგ შემთხვევებში იგი დამაკნინებელია, გარემო არამეგობრულია და არ არის დაცული კონფიდენციალურობა;
- მწვავეა კონფიდენციალურობის საკითხი ისეთი სამედიცინო სერვისების მიღებისას, როგორიცაა წამალდამოკიდებულების, ტუბერკულოზის ან აივ ინფექციის მკურნალობა;
- ხშირად ქალი არაპროფესიონალური რჩევის თუ ჩარევის მსხვერპლი ხდება, როგორიცაა ნარკოტიკების მოხმარების გამო ორსულობის შეწყვეტის რჩევა, ნეონატალური აბსტინენციური სინდრომის იდენტიფიცირების არცოდნა და, შესაბამისად, ახალშობილში მისი მართვის დეფიტი;
- რეგიონებში გამოიკვეთა ექიმებს შორის აივ ინფექციის და სხვა ინფექციების შესახებ ცოდნის დაბალი დონე, რაც სტიგმატიზაციის და დისკრიმინაციის წყაროს წარმოადგენს;
- ქალებისთვის დიდ ბარიერს წარმოადგენს სერვისების ფინანსური ხელმისაწვდომობა. შრომითი ბაზარი ნარკოტიკების მოხმარების გამო წარსულში ნასამართლევ ქალს ტოვებს უმუშევარს და სხვაზე დამოკიდებულს. მათთვის პრობლემურია სამგზავრო თანხა, რაც მთჩ-ცენტრში მგზავრობისთვის ყოველდღე დასჭირდება;
- ნარკოტიკების მომხმარებელ ქალთა თემში არ არის საკუთარი უფლებების და მათი დაცვის მექანიზმების შესახებ ცოდნა, არ იციან, სად შეიძლება დახმარების ძიება;
- განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს პარტნიორების მიერ ქალებზე ფსიქოლოგიური ძალადობით საზღვარზე ნარკოტიკის იძულებით გადატანის ფაქტები, როცა ქალები თავს სრულიად უსუსურად, დაუცველად გრძნობენ;
- რესპონდენტები არ მიესალმებიან მკურნალობის პროცესებში სასულიერო პირთა ჩართვას, რადგან ფიქრობენ, რომ მათ არ იციან ქალების იმ განსაკუთრებული საჭიროებების შესახებ, რომელიც მათ წინაშე დგას ნარკოტიკების მოხმარების და ან სხვადასხვა ინფექციების სახით, ძალადობის და სტიგმის სახით;
- მათთვის ბევრად მისაღები და მისაბაძია იგივე პრობლემების მქონე თანასწორი, რომელმაც ეს გზა გაიარა და შეუძლია, გამოიჩინოს ემპათია და გაუწიოს დახმარება.
ნარკომომხმარებელი ქალების უფლებრივ მდგომარეობაზე 2016 წელს კვლევა ასევე აქვს ჩატარებული „აკესოს“, რომელიც არის საქართველოში პირველი ნარკოტიკების მომხმარებელ და ყოფილ მომხმარებელ ქალთა თვითორგანიზაცია. კვლევაში მონაწილეობდა 27-54 წლის 46 ქალი რესპონდენტი, მათ შორის მეტადონით ჩანაცვლებითი პროგრამის, შპრიცების პროგრამის ბენეფიციარები, აგრეთვე, ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი ქალები.
კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ: „კვლევის რესპონდენტებისათვის ძალადობა არა მხოლოდ ფიზიკური და სიტყვიერი ზეწოლა, არამედ ტოტალური კონტროლი/დამორჩილება და დაშინებაა, რომელიც უკლებლივ ყველა რესპონდენტს განუცდია, ამა თუ იმ ფორმით, ოჯახის სხვადასხვა წევრისაგან. ყველაზე ხშირი, ძალადობის გამოვლინება ოჯახში მეუღლისგან/ყოფილი მეუღლისაგან ხდება.
...ამ პოპულაციაში ძალადობის ციკლი განსაკუთრებით მძაფრდება და კიდევ უფრო რთული ხდება მისგან თავის დაღწევა, (დახმარებისათვის მიმართვა სამართალდამცავ სტრუქტურებში და/ან ნათესავ მეგობრებთან, ოჯახიდან წასვლა/საცხოვრებლის შეცვლა, თავშესაფრის მოთხოვნა, ძალადობის ფაქტის გამოაშკარავება მედიით/სოციალური საშუალებით) ვიდრე არამომხმარებელი ქალებისათვის, რადგან მომხმარებელი ქალების მიმართ ოჯახში ძალადობა ყველაზე ხშირად მათი „არატრადიციული“ და „მიუღებელი“ ქცევით მართლდება და ისინი ვერ პოულობენ რეალურ მხარდაჭერას ვერც ერთ დონეზე.
ნარკოტიკების მომხმარებელი ქალები უფრო დიდი ალბათობით აწყდებიან ჯანდაცვასთან და სერვისების მომწოდებლებთან დაკავშირებულ პრობლემებს, შესაძლოა მათ აგრძნობინონ, რომ ისინი თითქოს არ იმსახურებენ არანაირი სერვისის მიღებას. ქალების უფლებები, დამატებით ირღვევა ჯანდაცვის მომსახურებების მიღების ჭრილში, რადგან მათ მიერ ნარკოტიკების გამოყენებისა შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურობის პირობის ხშირი დარღვევით ხორციელდება. აღნიშნული ფაქტი ნარკომომხმარებელ ქალებს აკარგვინებს სურვილს ეძიონ მომსახურების მომწოდებლები და გაუმხილონ მათ ნარკოტიკების მოხმარების შესახებ ინფორმაცია - შესაბამისად კონფიდენციალურობის დარღვევა კიდევ ერთ ბარიერს ქმნის სისხლისმიერი და სქესობრივად გადამდები ინფექციების პრევენციისა და მკურნალობის პროცესში.
ამავდროულად, ინფორმაციის გამჟღავნება ნარკოტიკების მოხმარების სტატუსის ქონის შესახებ, ზრდის რისკებს ოჯახისგან და საზოგადოებისგან გარიყულობის, დევნის, შეურაცხყოფისა და ძალადობის ობიექტად ქცევის მიმართებაში.
ნარკოტიკების მომხმარებელ ქალებისათვის სერვისების მიწოდებაზე არასასურველ ზემოქმედებას ახდენს პერსონალური / ინტერპერსონალური, სტრუქტურული, კულტურული და პოლიტიკური მიზეზების კომბინაცია, რომელიც სერვისის მიწოდების სისტემას არაეფექტურს ხდის და აფერხებს სერვისების მიწოდების განვითარებას.
კვლევაში მონაწილე ნარკომომხმარებელი ქალები უმეტესწილად პატიმრობაში მომხვდარან ნარკოტიკების მოხმარებისთვის, შენახვისთვის და სხვა არაძალადობრივი დანაშაულების გამო. სასჯელი ლავირებდა პირობითიდან-15 წლამდე (განმეორებითობა, დამამძიმებელი გარემოებების არსებობა). პატიმრობის უარყოფითი შედეგები ქალების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე გაცილებით მეტად მოქმედებს.
გარდა იმისა რომ, მათზე ხდება ძალადობა დაკავებისას, იზოლაცია ოჯახის წევრებისგან, განსაკუთრებით მძიმედ აისახება ბავშვებზე, ფაქტობრივად ქალს ერთმევა დედობის უფლება, ხდება მისი ორმაგი მარგინალიზაცია, როგორც ნარკომომხმარებლის და როგორც პატიმრის სტატუსის მქონეს, რაც ნეგატიურად აისახება განთავისუფლებული ნარკომომხმარებელი ქალების ცხოვრების ციკლზე: რეინტეგრაცია ოჯახში, ხელმისაწვდომობა დასაქმებაზე, არჩევნებში მონაწილეობის უფლება (შეზღუდვა მინიმუმ 2-დან 5 წლამდე).
ნარკოტიკების მომხმარებელ ქალებს აქვთ ფუნდამენტური უფლება იცხოვრონ ძალადობისგან, სტიგმისგან და დისკრიმინაციისგან თავისუფალ გარემოში. აუცილებელია სახელმწიფომ უზრუნველყოს ნარკომომხმარებელი ქალების ფუნდამენტური უფლებები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხდება მომხმარებელი ქალების ორმაგი და სამმაგი მარგინალიზაცია სექს მუშაობაში ჩართულობისა და ჯანმრთელობის სტატუსის გამო, ჩვენ ვთვლით, რომ საზოგადოების ტოლერანტული დამოკიდებულება და ნარკომომხმარებელ ქალთა გაძლიერების პროგრამები აივ ინფექციისა და ჰეპატიტი C-ს ეფექტური პასუხის განუყოფელი ნაწილია“, - წერდა ორგანიზაცია.
ავტორი: ნათია ამირანაშვილი