ზიანის შემცირება ევრაზიაში

ზიანის შემცირება ევრაზიაში

ზიანის შემცირება ევრაზიის 29 ქვეყნიდან 25-ის ეროვნულ მიზნებშია გათვალისწინებული.  ამის მიუხედავად, ამ რეგიონის ქვეყნების უმრავლესობაში, საკანონმდებლო სფეროში დომინირებს სადამსჯელო მიდგომები, რომლებიც მიმართულია ქვეყანაში ნარკოტიკების რაოდენობის შემცირებასა და კრიმინალიზაციისკენ. მომხმარებლები ხშირად ხდებიან სტიგმის, დისკრიმინაციის, უსაფუძვლო დაჭერების მსხვერპლნი და მათ არასათანადოდ ეპყრობიან პოლიციელები, სამედიცინო პერსონალი, სოციალური მუშაკები და ზოგადად სოციუმი.

ამ სტატიაში გვინდა ვისაუბროთ ევრაზიაში არსებული ზიანის შემცირების სერვისებზე და ამ სფეროში არსებულ გამოწვევებზე.

შპრიცებისა და საინექციო მასალების პროგრამა (NSP) 

2022 წლის მონაცემებით, შპრიცებისა და საინექციო მასალების პროგრამა ევრაზიის 29 ქვეყნიდან 27-ში ფუნქციონირებს და ძირითადად დიდ ქალაქებში გვხვდება. საქართველოში, ჩეხეთში და უნგრეთში შპრიცები უკონტაქტო აპარატების მეშვეობითაც რიგდება. 

თუმცა ამ რეგიონის ქვეყნების უმრავლესობაში, შპრიცებისა და საინექციო მასალების პროგრამებს სათემო ორგანიზაციები უძღვებიან, აივ/შიდსის და ჰეპატიტის ტესტირებასთან, მენტალური ჯანმრთელობის კონსულტირებასთან, იურიდიულ დახმარებასთან და სხვა სერვისებთან ერთად. COVID-19-ის პანდემიის დროს, შპრიცებისა და საინექციო მასალების პროგრამების სოციალურმა კომპონენტებმა (უშალო კონტაქტი ბენეფიციარებთან, თემის წევრებთან და სერვისის მიმწოდებლებთან) ონლაინ ფორმატზე გადაინაცვლეს, რამაც გაზარდა ბენეფიციარების რაოდენობა და გახადა სერვისები უფრო ხელმისაწვდომი. 

ოპიოიდური ჩანაცვლებითი თერაპია (OAT) 

2020 წლის მონაცემების ჩათვლით, ოპიოიდური ჩანაცვლებითი თერაპია ხელმისაწვდომია 26 ქვეყანაში, თუმცა აკრძალულად რჩება რუსეთში, თურქმენეთში და უზბეკეთში. ამ სერვისისადმი წვდომა საკმაოდ მწირია გარკვეულ რეგიონებში: ევრაზიის მხოლოდ 6 ქვეყანაში სარგებლობს ინტრავენული მომხმარებლების 20%-ზე მეტი ჩანაცვლებითი თერაპიით (ხორვატია, ესტონეთი, უნგრეთი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია და სლოვენია). ევრაზიის ზიანის შემცირების ასოციაციის თქმით, არსებული სერვისები დაბალი ხარისხისაა, ვინაიდან ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამებში არ იყენებენ ინდივიდზე და გენდერზე მორგებულ პრინციპებს. 

ჩანაცვლებითი თერაპიის ეფექტურ ოპერირებას ბევრი ფაქტორი უშლის ხელს: სადამსჯელო პოლიტიკა და სამართლებრივი გარემო, სასოფლო და საქალაქო არეების არათანაბარი დაფარვა, სტიგმა, ძალოვანი ორგანოების წინააღმდეგობა, სერვისის მომწოდებლებსა და ბენეფიციარებს შორის ნდობის არარსებობა და კიდევ მრავალი სხვა.

COVID-19-ის პანდემიის დროს, ჩანაცვლებითი პროგრამის მქონე ქვეყნებმა წამოიწყეს დოზების სახლში წაღების სერვისი. სამწუხაროდ, ქვეყნების ნაწილმა (მაგალითად საქართველომ და აზერბაიჯანმა) შეწყვიტეს ამ სერვისის გაცემა ინფიცირებულთა რაოდენობის შემცირებასთან ერთად. სამოქალაქო საზოგადოების ძალისხმევით, საქართველოში ეს სერვისი აღდგა და აგრძელებს ჩანაცვლებითი თერაპიის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.

ნარკოტიკების ტესტირება, სტიმულატორების რეცეპტით გაცემა და უსაფრთხო მოწევის ნაკრებები 

საქართველოში, ჩეხეთში, ესტონეთში, ლიეტუვაში, პოლონეთში, სლოვენიაში და უკრაინაში ნარკოტიკების  ტესტირებისთვის, ღამის კლუბებსა და ფესტივალებზე, ძირითადად რეაგენტ ტესტერებს იყენებენ. ევრაზიაში ჯერ კიდევ არ არსებობს მოხმარებისთვის განკუთვნილი ლიცენზირებული ოთახები. თუმცა 2019 წელს უკრაინაში გაიხსნა პირველი ზიანის შემცირების ლოკაცია, სადაც ნებადართულია მოხმარება.

ოპიოიდური ჩანაცვლებითი თერაპიის მოდელზე დაყრდნობით, 2020 წელს ჩეხეთში დაიწყო სტიმულატორების რეცეპტით გაცემის პროგრამა სტიმულატორებზე დამოკიდებული ადამიანებისთვის. ფსიქიატრებს ახლა შეუძლიათ მეთილფენიდატის (რიტალინი) გამოწერა მეტამფეტამინის მომხმარებელი ადამიანებისთვის - ეს პრეპარატი აქამდე მხოლოდ ჰიპერაქტიურობის და ძილის აშლილობების სამკურნალოდ გამოიყენებოდა.

უსაფრთხო მოწევის ნაკრებები ხელმისაწვდომია ჩეხეთში, ესტონეთში, სლოვაკეთში და სლოვენიაში. მოლდოვაში, სამოქალაქო საზოგადოების ძალისხმევის შედეგად, შეიქმნა ახალი ნაკრები, რომელიც შეიცავს მოსაწევ მილებს, ფიზიოლოგიურ ხსნარს, კალციუმს და ტუჩის ბალზამს, ხოლო შპრიცებისა და საინექციო მასალების პროგრამის ბენეფიციარებისთვის განკუთვნილ ნაკრებებს დაემატა მედიკამენტებს გულის რიტმის დასაბალანსებლად, ტკივილთან და შფოთვასთან გასამკლავებლად. 

ზიანის შემცირება ციხეებში 

ევრაზიის 29 ქვეყანაში ოპიოიდური ჩანაცვლებითი თერაპია ხელმისაწვდომია ციხეებშიც. ამ ქვეყნების სიას მალე შეუერთდება კოსოვოც, თუმცა საქართველოს ციხეებში ჩანაცვლებითი თერაპია მხოლოდ მოკლევადიანი დეტოქსისთვის გამოიყენება, უნგრეთში კი მკურნალობაზე წვდომა თითქმის შეუძლებელია. ოფიციალურად არსებობის შემთხვევებშიც, ჩანაცვლებითი თერაპია ციხეებში უმრავლესობისთვის არაა ხელმისაწვდომი. 
 
2022 წლის მონაცემებით, ციხეებში მოქმედი შპრიცებისა და საინექციო მასალების პროგრამა ევრაზიის მხოლოდ 4 ქვეყანას აქვს - სომხეთი, ყირგიზეთი, მოლდოვა და ტაჯიკეთი. მოლდოვაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ პროგრამაზე წვდომა საკმაოდ შეზღუდულია და ხშირია კონფიდენციალურობის დარღვევისა და დისკრიმინაციის შემთხვევები. ციხიდან გამოშვების შემდეგ ნალოქსონით მომარაგების პროგრამები ევრაზიის არცერთ ქვეყანას არ აქვს. 
 
ზედოზირება და ნალოქსონის პროგრამები 

ევრაზიაში ზედოზირებით გარდაცვლილი ადამიანების შესახებ სტატისტიკა დიდი ალბათობით ძლიერ სცდება რეალობას. ხშირად, გარდაცვალების სერთიფიკატში ზედოზირების ფაქტს გამიზნულად არ წერენ: მოხმარების გარშემო არსებული სტიგმის გამო, გარდაცვლილის ახლობლები ითხოვენ გარდაცვალების მიზეზის ჩასწორებას.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებს ევრაზიის ყველა ქვეყანაში აქვთ ნალოქსონზე წვდომა, თუმცა ამ პრეპარატის მოპოვება ძალიან რთულია როგორც მომხმარებლებისთვის, ასევე მათი ნაცნობებისთვისაც, ვისაც ზედოზირების გამოცდის ან ხილვის მაღალი შანსი აქვთ. რეგიონის ქვეყნების უმრავლესობაში ნალოქსონი ჯერ კიდევ მხოლოდ რეცეპტით გაიცემა, თუმცა იმ ქვეყნებშიც კი, სადაც ეს პრეპარატი რეცეპტების სიიდან ამოიღეს, მისი პოვნა დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული.
 
მომხმარებელი ქალები და სამეურვეო უფლებები 

 
 
ევრაზიაში აღინიშნება გარკვეულ სოციალურ ჯგუფებზე მორგებული სერვისების ნაკლებობა. ეს პრობლემა განსაკუთრებით აისახება მომხმარებელ ქალებზე, რომელთათვისაც არ არსებობს გენდერზე მორგებული სერვისები. რეგიონში მომხმარებელი ქალების რაოდენობაზე ძალიან მცირე ინფორმაცია არსებობს, ოპიოიდური ჩანაცვლებითი თერაპია კი ხშირად არ არის ხელმისაწვდომი ფეხმძიმე ან ბავშვის მყოლი მომხმარებლებისთვის. 
 
ევრაზიაში დიდ პრობლემას წარმოადგენს სამეურვეო უფლებების ჩამორთმევა ან შეზღუდვა მხოლოდ მოხმარების ფაქტზე დაფუძნებით. ერთ-ერთი უკიდურესად მძიმე სიტუაციაა ბელორუსიაში, სადაც ბავშვი ითვლება “სოციალურად სახიფათო მდგომარეობაში” თუ მისი დედა ან მეურვე ქალი მოიხმარს ან ჩართულია ოპიოიდურ ჩანაცვლებით თერაპიაში. მსგავს სიტუაციაში აღმოჩენილ ქალს მანიშნებელს ურთავენ როგორც პასპორტში, ასევე სამედიცინო ისტორიაში, რაც ზრდის სტიგმასა და დისკრიმინაციას. 
 
ამასთან, სოციალურ სამსახურებს შეუძლიათ ბავშვის ოჯახისგან წაყვანა, რა შემთხვევაშიც მშობლები ვალდებულები არიან სახელმწიფოს ყოველთვიური გადასახადი უხადონ. ბავშვის დედასთან დასაბრუნებლად, სახელმწიფო ხშირად ითხოვს კარგი საცხოვრებელი პირობებისა და შემოსავლის დასაბუთებას. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ქალების უმრავლესობას ურთულდება ამ პირობების შესრულება სახელმწიფოსთვის ყოველთვიური გადასახადების ვალდებულების პარალელურად.
 
ზიანის შემცირების დაფინანსება 

ევრაზიის ქვეყნების უმრავლესობაში, კრიმინალიზაციის გამო, ზიანის შემცირება და მასთან მიბმული სერვისები ეროვნული დაფინანსების უკიდურეს ნაკლებობას განიცდიან და დამოკიდებულები არიან საერთაშორისო დონორებზე. საერთაშორისო დაფინანსების შეწყვეტა ხშირად იწვევს ზიანის შემცირების შეწყვეტასაც, ვინაიდან ქვეყნის მთავრობას ხშირად არ სურს მსგავსი პროგრამების ეროვნული ბიუჯეტიდან დაფინანსება


წყარო: სათემო ორგანიზაცია ,,მანდალა“
ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები ბაზარზე და მზარდი ტენდენცია - რამდენად მნიშვნელოვანია სრულყოფილი პრევენცია

ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები ბაზარზე და მზარდი ტენდენცია - რამდენად მნიშვნელოვანია სრულყოფილი პრევენცია

9 თებერვალი, 2024
რჩევები მშობლებს | მოზარდებში ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების შესახებ

რჩევები მშობლებს | მოზარდებში ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების შესახებ

6 თებერვალი, 2024
ოპიოიდებზე დამოკიდებულება და მკურნალობა | ხშირად დასმული შეკითხვები

ოპიოიდებზე დამოკიდებულება და მკურნალობა | ხშირად დასმული შეკითხვები

6 თებერვალი, 2024
საჯარო მიმართვა ჯანდაცვის სამინისტროს

საჯარო მიმართვა ჯანდაცვის სამინისტროს

6 თებერვალი, 2024