
„იცოდე C ჰეპატიტი არ იცდის - მივაღწიოთ სამიზნეს“-
ჰეპატიტების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კამპანიის ფარგლებში ზიანის შემცირების საქართველოს ქსელმა 1 აგვისტოს ონლაინ რეჟიმში Zoom-ის საშუალებით შეხვედრა გამართა. ღონისძიების დღის წესრიგში შევიდა საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასთან დაკავშირებული საკითხების მიმოხილვა, მათ შორის C ჰეპატიტის მკურნალობის ინტეგრირების გაფართოება ზიანის შემცირების სერვის-ცენტრებში.
შეხვედრას 20-მდე ორგანიზაციის წარმომადგენელი დაესწრო. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა მაია წერეთელმა საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიღწევები,არსებული გამოწვევები, მათი გადაჭრის გზები და სამომავლო გეგმები გააცნო მონაწილეებს. საუბარი გაიმართა ელიმინაციის სტრატეგიის მნიშვნელოვან ასპექტებთან დაკავშირებით, გადაცემის პრევენციაზე, ინფიცირებული პირების გამოვლენაზე, ლაბორატორიული დიაგნოსტიკის მეთოდების გაუმჯობესებასა და ცნობიერების ამაღლებაზე, ასევე B ჰეპატიტის ელიმინაციის დაწყებასთან დაკავშირებული საკითხებზე.
მიმდინარე და შესრულებული საქმიანობის შესახებ მოხსენებები წარმოადგინეს: კახა კვაშილავა, ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი, აღმასრულებელი დირექტორი, მანანა სოლოღაშვილი, ,,ჰეპა პლიუსის“ ხელმძღვანელი, ნინო ჯანაშია, ახალგაზრდა ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია ,,ქსენონის’’ ხელმძღვანელი, ლაშა აბესაძე ,,ახალი ვექტორი“ წარმომადგენელი. თემურ რადიანმა - განკურნებულ პაციენტთა ასოციაცია ,,ჩვენ დავამარცხეთ C “- ხელმძღვანელმა ისაუბრა C ჰეპატიტის პრევენციის მომავალი კამპანიის და არსებული გამოწვევების შესახებ.
შეხვედრამ ინტერაქტიულ რეჟიმში ჩაიარა. მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს სამთავრობო და სამოქალაქო სექტორის თანამშრომლობის მნიშვნელობას C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის წარმატებით განხორციელებაში. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში არსებულ გამოწვევებზე და ბარიერებზე არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა დაიგეგმა.