ESPAD - მოხმარება ბავშვებში
მოზარდები და ნარკოტიკების მოხმარება - რა ვითარებაა საქართველოში
რა ვითარებაა ბავშვებში ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების კუთხით - ამ შეკითხვაზე პასუხს ESPAD-ის (ევროპის სასკოლო კვლევა) კვლევებში ვნახავთ, რომელიც საქართველოში 2015 და 2019 წლებში ჩატარდა.
რას შეისწავლის ESPAD?
მოზარდთა მიერ ალკოჰოლის, თამბაქოსა და სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებათა მოხმარების შესახებ მეცნიერული ცოდნის შესაგროვებლად საქართველოში კვლევა ESPAD-ის მეთოდოლოგიით ტარდება. აღნიშნული მეთოდოლოგიით კვლევა პარალელურად ტარდება ევროკავშირსა და მის სამეზობლო ქვეყნებში (2019 წელს ჩატარდა 35 ქვეყანაში).
ESPAD-ის პროექტის მთავარი მიზანი შედარებადი მონაცემების შეგროვებაა. ამ მონაცემის გამოყენება ხდება ევროპაში მოსწავლეთა შორის ნივთიერებების გამოყენების ტენდენციების მონიტორინგისა და ქვეყნებს და ქვეყნების ჯგუფებს შორის შესადარებლად.
კვლევა ტარდება 16 წლის მოზარდებს შორის, 4 წელიწადში ერთხელ. მონაცემების შეგროვება სკოლებში თვითშევსებადი ანონიმური კითხვარის საშუალებით ხდება. საქართველოში ESPAD-ის კვლევა NCDC-იმ განახორციელა, ევროპის ნარკოტიკებისა და ნარკოდამოკიდებულების ევროპის მონიტორინგის ცენტრის (EMCDDA) ტექნიკური და ფინანსური დახმარებით.
NCDC-ის ანგარიშით, ESPAD-ის ბოლო ორი კვლევით, სტატისტიკურად მნიშვნელოვნად გაიზარდა მარიხუანის მიღების პროცენტული მაჩვენებელი უკანასკნელი 30 დღის განმავლობაში როგორც გოგონებში, ისე ბიჭებში. სტატისტიკურად მნიშვნელოვნად გაიზარდა მარიხუანის გასინჯვის შესაძლებლობაც; განსაკუთრებით გოგონებში მნიშვნელოვნად გაიზარდა ბალახოვანი მოსაწევი ნარევის მიღება, გოგონებში ასევე გაზრდილია სითხის და ფხვნილის, კრისტალის მიღების სიხშირე. უფრო კონკრეტულად კვლევის შედეგები ასეთია:
რა შედეგი აჩვენა კვლევამ?
მოსწავლეთა 14%-მა აღნიშნა, რომ სიცოცხლის განმავლობაში ერთხელ მაინც მოუხმარია კანაფი ან კანაფის ფისი (ჰაშიში). მოსწავლეთა უმრავლესობას მოუხმარია მხოლოდ 1-2 ჯერ (6%), შემდეგ არიან ისინი, ვინც მოიხმარა 3-9-ჯერ (4%). ბიჭებში მოხმარების დონე უფრო მაღალია (23%), ვიდრე გოგოებში (7%).
კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 25%-ისთვის (ბიჭები 28% და გოგოები 22%) მარიხუანის/ჰაშიშის/კანაფის/„პლანის“ მოპოვება საკმაოდ ადვილი ან ძალიან ადვილია. აღნიშნული მაჩვენებლები 2015 წლის შედეგებთან (21%) შედარებით გაზრდილია.
უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში, კანაფი ან კანაფის ფისი (ჰაშიში) მოუხმარია მოსწავლეთა 10%-ს (ბიჭები 13% და გოგოები 3%). მათი უმრავლესობა აღნიშნავს, რომ ნარკოტიკული საშუალება გამოიყენა მხოლოდ 1-2-ჯერ. უკანასკნელი 30 დღის განმავლობაში კანაფი ან კანაფის ფისი (ჰაშიში) მოუხმარია მოსწავლეთა 10%-ს (ბიჭების 13% და გოგოების 7%).
ასევე, ამ მოსწავლეთა უმრავლესობა (5%) აღნიშნავს, რომ მოუხმარია 1-2-ჯერ, ხოლო მოსწავლეთა 1% ხშირი მომხმარებელია (მოწევის 10 და მეტი შემთხვევა). 2015 წელთან შედარებით, აღინიშნება კანაფისა და მისი პროდუქტების მოხმარების ზრდა სიცოცხლის (11 %), უკანასკნელი 12 თვისა (8%) და უკანასკნელი 30 დღის (4%) განმავლობაში. 2019 წლის ანალოგიური მაჩვენებლები არის შემდეგი - სიცოცხლის განმავლობაში (14 %), უკანასკნელი 12 თვისა (9.6%) და უკანასკნელი 30 დღის (9.4%) განმავლობაში.

გამოკითხული მოსწავლეების 3%-მა (ბიჭები 4% და გოგოები 2%) კანაფი ან მისი პროდუქტები პირველად 13 წლის ან უმცროს ასაკში მოიხმარა. მოსწავლეთა უმრავლესობამ (5%) კანაფი პირველად 15 წლის ასაკში გასინჯა (ბიჭები 9% და გოგოები 3%).
2015 წელთან შედარებით გაზრდილია იმ მოსწავლეთა რიცხვი, რომელმაც კანაფი 13 ან უმცროს ასაკში მოიხმარა, თუმცა ზრდა სარწმუნო არ არის. მოსწავლეთა 10% (ბიჭების 16% და გოგოების 5%) მოიხმარს თამბაქოში გარეულ „პლანს“; ყველაზე ხშირად მოიხმარენ კანაფის ბალახს/სკანკს (5%; ბიჭები 8%, გოგოები 2%).
სიცოცხლის განმავლობაში, ყველაზე ხშირად გამოყენებადი ნარკოტიკული საშუალებაა [კანაფის გარდა] ექსტაზი, რომელიც გამოკითხულ მოსწავლეთა 2%-ს მიუღია (ბიჭების 2.9% და გოგოების 1.9%). დანარჩენი ნარკოტიკების მიღების სიხშირე თანაბარია და შეადგენს 1%-ს. 2015 წელთან შედარებით, ბიჭებში მნიშვნელოვნად შემცირდა ექსტაზის მიღების სიხშირე სიცოცხლის განმავლობაში (4%).

კითხვარში, ცნება „აკრძალული ნარკოტიკები“ ასევე მოიცავდა ტრანკვილიზატორებს ან სედატიურ საშუალებებს (ექიმის დანიშნულების გარეშე), ლსდ (LSD) ან სხვა ჰალუცინოგენებს, რელევინს, ჰეროინს, „მაგიური სოკოებს”, გამაჰიდროქსიბუტირატს (GHB), ანაბოლურ სტეროიდებს, ნარკოტიკებს ინექციური გზით (მაგ. ჰეროინი, კოკაინი, ამფეტამინები), ტაბლეტებს (მედიკამენტები) ალკოჰოლურ სასმელებთან ერთად „კაიფის“ მისაღწევად, ტკივილგამაყუჩებლებს „კაიფის“ მისაღწევად.
მოსწავლეებს ცალკე დაესვათ შეკითხვა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებასთან დაკავშირებით. 2,8%-მა აღნიშნა (ბიჭები 4.6% და გოგოები 1.2%), რომ მოუხმარია სიცოცხლის მანძილზე, ხოლო 1,8%-ს (ბიჭები 3.0% და გოგოები 0.8%) უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში. მოსწავლეთა 11%-მა (ბიჭები 12% და გოგოები 10%) აღნიშნა, რომ მიუღია ამგვარი ნივთიერებები ბალახოვანი მოსაწევი ნარევის სახით; 7%-მა (ბიჭები 7% და გოგოები 8%) აღნიშნა, რომ მიიღო სითხის სახით; 7%-მა (ბიჭები 7% და გოგოები 8%) ფხვნილის, კრისტალისა ან ტაბლეტის სახით და 13%-მა (ბიჭები 13% და გოგოები 13%) სხვა ფორმით. 1%-მა (ბიჭი 2% და გოგოები 1%) აღნიშნა სინთეზური კანაბინოიდების, ხოლო 1%-მა (ბიჭები 1% და გოგოები 0%) სინთეზური კათინონების ოდესმე მიღება. 2015 წლის მონაცემებთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა ბალახოვანი მოსაწევი ნარევის მიღება (5.9%, CI95% 4.5-7.3, p < 0.0001), განსაკუთრებით გოგოებში (8.7%). გოგოებში ასევე გაზრდილია სითხის (6.7%) და ფხვნილის, კრისტალის ან ტაბლეტის (6.6%) მიღების სიხშირე.

იმისთვის, რომ წარმოდგენა შეგვექმნას საქართველოში არსებულ ვითარებაზე, მისი შედარება უნდა მოხდეს ე.წ. ევროპულ საშუალო მაჩვენებელთან. სტატიაში ყურადღებას გავამახვილებთ კანაფისა და ექსტაზის ბოლო ერთი წლის განმავლობაში მოხმარების მაჩვენებელზე. დამატებითი ინფორმაციის მოძიებას კი მიმაგრებულ
ბმულზე შეძლებთ.
ბოლო ერთ წელში კანაფის მოხმარების კუთხით საქართველოს მაჩვენებელი ჩამორჩება ევროპულ საშუალო მაჩვენებელს. რაც შეეხება ექსტაზს, ბოლო ერთ წელში მოხმარების ინდიკატორი მცირედით აღემატება ევროპულ საშუალო მაჩვენებელს.
ESPAD-ის მეთოდოლოგია
2019 წელს კვლევა ჩატარდა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, გარდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული ტერიტორიებისა. შერჩევისას გამოყენებული იქნა ორეტაპიანი (სკოლა და კლასი) პროპორციული მარტივი შემთხვევითი შერჩევა. მოსწავლეების შერჩევა მოხდა სკოლის ზომის პროპორციულად და შემდეგ, თითოეულ სკოლაში შერჩეული იქნა კლასი. სულ შერჩეული იქნა 280 სკოლა, საიდანაც კვლევაში მონაწილეობა მიიღო 279-მა სკოლამ (245 საჯარო და 34 კერძო) და შესაბამისად 543-მა კლასმა (485 საჯარო და 58 კერძო). კვლევისათვის სულ შეირჩა 3 092 თექვსმეტი წლის მოსწავლე. მოსწავლეთა ჩართულობა იყო საკმაოდ მაღალი. შერჩეული მოსწავლეებიდან, მხოლოდ 73-მა, მიუხედავად მშობლის თანხმობისა, უარი თქვა კვლევაში მონაწილეობაზე.
ავტორი: ნათია ამირანაშვილი