
ზიანის შემცირების სერვისები მთელს საქართველოში
ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის მიერ ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებსა და მათი სქესობრივ პარტნიორებში ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების შედეგად გამოწვეული ზიანის შემცირებისთვის ხორციელდებოდა ზიანის შემცირების პროგრამები, როგორც სტაციონარულად, ისე მობილური ამბულატორიებისა და საველე წვდომის მეშვეობით. პროგრამებს ახორციელებს 10 სუბ.კონტრაქტორი ორგანიზაცია 14 სერვის ცენტრის სახით, რომლებიც ფუნქციონირებდნენ საქართველოს ქალაქში (თბილისი, რუსთავი, გორი, თელავი, ქუთაისი, სამტრედია, ოზურგეთი, ზუგდიდი, ფოთი, ბათუმი).
ზიანის შემცირების პროგრამები მოიცავდა შემდეგი ტიპის მომსახურებას:
➢ ნებაყოფლობითი ტესტირებისა და კონსულტირების პროგრამის ფარგლებში პრე და პოსტ კონსულტირება და სწრაფი ტესტირება აივ/შიდსზე, ასევე სკრინინგი B და C ჰეპატიტზე, სიფილისსა და ტუბერკულოზზე;
➢ შპრიცებისა და ნემსების პროგრამის მეშვეობით ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლების უზრუნველყოფა სტერილური შპრიცებით, ნემსებით და სხვა სახის სახარჯი მასალებით (სპირტიანი ტამპონი, სამედიცინო ჟგუტი, კონდომი და სხვა), თანასწორთათვის ტარდება საინფორმაციო-საგანმანთლებლო შეხვედრები და პაციენტთა სკოლები, ასევე მიეწოდებათ საგანმანათლებლო ტიპის საინფორმაციო მასალა;
➢ ბენეფიციარებს აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ მცირე სამედიცინო სამკურნალო საშუალებებით, როგორიც არის ვენების მოსავლელი, სედატიური და საგულე, ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები, ანთების საწინააღმდეგო და პირველადი დახმარებისთვის აუცილებელი მედიკამენტები;
➢ ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებში ზედოზირების პრევენციის მიზნით სათანადო ინფორმაციის მიწოდება და ნალოქსონის დარიგება;
➢ ზიანის შემცირების ცენტრებში ინტეგრირებულია C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა, შედეგად ბენეფიციარებს შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია C ჰეპატიტზე მკურნალობის შესახებ, ასევე სამკურნალო პროგრამაში ჩართვისთვის საჭირო გამოკვლევების ნაწილის ადგილზე მომსახურება, ხოლო 3 ცენტრში შესაძლებელია მკურნალობის სრული კურსის გავლა მედიკამენტების მიწოდების ჩათვლით. ინფიცირებული პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის ყოველთვიურად სერვის ცენტრებში ტარდება ,,პაციენტთა სკოლები“ ექიმი ინფექციონისტების ჩართულობით;
➢ დამხმარე სერვისები: ქეის მენეჯმენტი; ქალ ნიმ-ებზე ორიენტირებული მიდგომა, პროფესიული სწავლება; სამედიცინო, ფსიქოლოგიური და იურიდიული კონსულტაციები; თანასწორი-თანასწორს პრინციპზე დაფუძნებული ინტერვენცია;
➢ საინექციო ინსტრუმენტების გამცემი მექანიკური ავტომატების (სიგმა) მიერ სტერილური საინექციო ინსტრუმენტების დარიგება უწყვეტ რეჟიმში, ყოველდღიურად 24 საათის განმავლობაში, რათა მაქსიმალურად მოხდეს ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლების მოცვა და სტერილური საინექციო საშუალებების მიწოდება. ამ ეტაპზე სიგმა აპარატები განთავსებულია მხოლოდ თბილისის ტერიტორიაზე. პროექტი ხორციელდება დამოკიდებულების კვლევითი ცენტრის „ალტერნატივა ჯორჯია“-ს მიერ, ზიანის შემცირების
საქართველოს ქსელისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით.
ზიანის შემცირების ქსელის ცენტრებში, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ უფასო სერვისები, მთელი საქართველოს მასშტაბით.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ პირადად ან დაუკავშირდით თქვენს ქალაქში არსებულ ცენტრს.