
ნარკოპოლიტიკა საქართველოში 2020 წლის ტენდენციები
ნარკოპოლიტიკის რეფორმირების კუთხით, ხელისუფლებას სისტემური ნაბიჯები 2020 წელს არ გადაუდგამს. საკანონმდებლო ცვლილებები შეეხო ცალკეულ ნარკოტიკულ საშუალებებს, რომელთა ოდენობები ახლებურად მოწესრიგდა. კანონმდებლობა კვლავაც მკაცრი და რეპრესიულია ნარკოტიკის რეგულარულ მომხმარებელთა მიმართ.
2020 წელს, გავლენა იქონია Covid-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილმა ვითარებამ და სახელმწიფოს მიერ გატარებულმა შემზღუდავმა ღონისძიებებმა. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის, გადაადგილების შეზღუდვის, კომენდანტის საათის პირობებში, მნიშვნელოვნად შემცირდა ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებით მოქალაქეების მიმართ გატარებული ღონისძიებები - ნარკოტესტირების, სამართალდარღვევების თუ სისხლისსამართლებრივი დევნის მაჩვენებლები.
ნარკოპოლიტიკის სფეროში 2020 წელს მართლმსაჯულების კუთხით შემდეგი დინამიკა გამოიკვეთა:
• ნარკოპოლიტიკის სისტემური რეფორმირების საკითხი კვლავაც არ არის პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი. საკითხთან დაკავშირებულ კომპლექსურ პრობლემებზე სახელმწიფოს რეაგირება, არსებითად სისხლისსამართლებრივ ჭრილშია მოქცეული;
• ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებულ მკაცრ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის ინიციატივა შეეხო სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ 8 ნარკოტიკულ ნივთიერებას, რომელთა საკანონმდებლო ოდენობები ახლებურად განისაზღვრა, თუმცა ეს ცვლილება ვერ გააუმჯობესებს ნარკოტიკულ საშუალებათა რეგულარულ მომხმარებელთა სამართლებრივ მდგომარეობას;
საკანონმდებლო ცვლილებებმა მიზნად დაისახა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული 8 ნივთიერების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ხელახალი მოწესრიგება. ამ ნივთიერებათა შორის მოხვდა ამფეტამინი, დეზომორფინი, ლიზერგინის მჟავა, მდმა, მეთადონი, მეთკანინონი, მეტამფეტამინი, რომლებსაც ცვლილებამდე მოქმედი რედაქციით, მცირე და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის საწყისი ოდენობები არ გააჩნდა. ერთი ნივთიერების - ჰეროინის შემთხვევაში კი - ახლებურად ჩამოყალიბდა განსაზღვრული დოზების მოცულობები. ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებულ კანონმდებლობაში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ოდენობების სამართლიანი განსაზღვრა წლების განმავლობაში ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა იყო, რაც მოხმარებისთვის უვარგისი, ან პირადი მოხმარებისთვის განკუთვნილი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობის შემთხვევებშიც კი, უმკაცრესი სასჯელების შეფარდებას იწვევდა. შესაბამისად, საკითხის მოგვარებისკენ მიმართული საკანონმდებლო ორგანოს ინიციატივა თავისთავად დადებით შეფასებას იმსახურებს თუმცა ფრაგმენტულია და არა სისტემური.
• საკონსტიტუციო სასამართლომ, 2020 წელს, ნარკოპოლიტიკის სფეროში ცვლილებების თვალსაზრისით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2020 წლის 4 ივნისის განჩინებით, ღირსების შემლახავი სასჯელის გამოყენებად მიიჩნია და არაკონსტიტუციურად ცნო სისხლის სამართლის კოდექსის იმ ნორმის შინაარსი, რომელიც პატიმრობის გამოყენებას ითვალისწინებდა მოხმარებისთვის გამოუსადეგარი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებათა უკანონო შეძენისა და შენახვისთვის.
• მნიშვნელოვნად შემცირდა სისხლისსამართლებრივი დევნის მაჩვენებელი, ზოგადად ნარკოტიკულ დანაშაულებზე, თუმცა მცირედით (5%-ით) გაიზარდა თავისუფლების აღკვეთის გამოყენება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებზე, რომელიც ნარკოტიკული საშუალების უკანონო ბრუნვასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ქმედებას, მათ შორის, შეძენას, შენახვას, გასაღებას აერთიანებს;
• შემცირდა ნარკოტიკულ დანაშაულზე გამამართლებელი განაჩენის გამოტანის წილი - 2020 წელს 0,13%-ს შეადგენს, მაშინ როდესაც 2019 წელს იგივე მაჩვენებელი 0,4% იყო;
• 2019 წელთან შედარებით (10797 პირი), განახევრდა ნარკოტესტირებაზე წარდგენილთა მთლიანი რაოდენობა (4936 პირი). ამასთანავე, გასულ წელს, 2019 წლის მონაცემებთან (64%) შედარებით, მცირედით იკლო ნარკოტესტირებაზე წარდგენილ პირთა შემოწმების დადებითობის მაჩვენებელმა (61%). შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავაც არ აღრიცხავს იძულებით ნარკოტესტირებაზე წარდგენილ პირთა მიმართ დაკავების გამოყენების სტატისტიკას;
• მნიშვნელოვნად შემცირდა ნარკოტიკულ საშუალებათა მოხმარებისთვის ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირთა რაოდენობა; კვლავაც არ აღირიცხებამ მონაცემები მარიხუანის ფლობის/საჯარო სივრცეში მოხმარებისთვის ადმინისტრაციულად სანქცირებულთა მიმართ სამოქალაქო უფლებების შეზღუდვის თაობაზე;
• შემცირდა საპროცესო შეთანხმებით ნარკოტიკულ დანაშაულთა სტატისტიკური მონაცემები.
2020 წლის 16 იანვარს ქვეყანაში შეიქმნა ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრი 2020 წელს ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამუშაო ჯგუფის ფარგლებში შემუშავდა ახალი ანტინარკოტიკული სამოქმედო გეგმა 2021-2022 წლებისათვის. 2020 წელს დაიწყო მუშაობა ახალ 2021-2025 წლების ანტინარკოტიკულ სტრატეგიის შემუშავებაზეც,2020 წელს მსოფლიოში განვითარებულმა ახალი კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ გავლენა მოახდინა საქართველოზეც. ქვეყანაში გატარდა ვირუსის გავრცელების შემაკავებელი მთელი რიგი ღონისძიებები, რამაც იმოქმედა ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებისა და გავრცელების ტენდენციაზეც. ქვეყანაში ვერ მოხერხდა დასახული სერვისების და პროგრამების განხორციელება გეგმის მიხედვით.
ერთ-ერთი ყველაზე შესამჩნევი ცვლილება, აღინიშნა სამკურნალო სერვისებში, კერძოდ ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ზომების დაწესების შემდგომ, ოპიოიდებით ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამებში 2020 წლის 13 მარტიდან დაინერგა სამკურნალო მედიკამენტის 5 დღის სამყოფი დოზის სახლში გატანების პრაქტიკა პაციენტებისათვის. ასევე, სოციალური დისტანცირების მიზნით შემოღებული რეგულაციების გავლენა აისახა რიგი სამკურნალო და ზიანის შემცირების სერვისების ხელმისაწვდომობაზეც.
2020 წელს სახელმწიფო ჯანდაცვის ბიუჯეტიდან გამოყოფილმა თანხამ, რომელიც განკუთვნილი იყო ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე დამოკიდებული პირების სამკურნალოდ, შეადგინა 12 150 000 ლარი; მათ შორის, ოპიოიდებით ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამებზე გამოყოფილი იყო 7 140 000 ლარი; სტაციონარულ დეტოქსიკაციაზე პირველადი რეაბილიტაციით - 3 200 000 ლარი; ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციაზე - 360 000 ლარი; №2 და №8 პენიტენციურ დაწესებულებებში ჩამანაცვლებელი ფარმაცევტული პროდუქტით ხანმოკლე და ხანგრძლივი დეტოქსიკაციის უზრუნველყოფაზე - 300 000 ლარი 2020 წლის მონაცემებით, საქართველოში სახელმწიფო დაფინანსების პროგრამით ფუნქციონირებს მხოლოდ ხანმოკლე ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის პროგრამა, რომელიც მოიაზრება როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული აბსტინენციაზე ორიენტირებული (დეტოქსიკაციის) მკურნალობის კურსის კომპონენტი და არა როგორც ცალკე არსებული რეაბილიტაციის პროგრამა.. სახელმწიფოს მიერ არ დაფინანსებულა რეზიდენტული ტიპის ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის პროგრამები.
მკურნალობაზე მოთხოვნა-2020 წელს ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულ პაციენტებს მკურნალობდა 13 კლინიკა, აქედან 1 სახელმწიფო და 12 კერძო სამედიცინო დაწესებულება.
ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლებისა და ნივთიერებების მოხმარებით გამოწვეული დარღვევების მქონე პირებისათვის ხელმისაწვდომია ორი ტიპის მკურნალობის სერვისები, ოპიოიდებით ჩანაცვლებითი თერაპია (ოჩთ) და აბსტინენციაზე ორიენტირებული მკურნალობა. ოჩთ პროგრამები ხორციელდება ორი მედიკამენტის, მეთადონის ან სუბოქსონის (ბუპრენორფინი + ნალოქსონი) გამოყენებით. ხოლო, აბსტინენციაზე ორიენტირებული მკურნალობა მოიცავს როგორც სტანციონარულ ასევე, ამბულატორიულ დეტოქსიკაციის პროგრამას პირველადი ხანმოკლე რეაბილიტაციის კურსით.
პრევენცია - ქვეყანაში არსებული გამოწვევისა და ფსიქოაქტიური ნივთიერებების ავადმოხმარებით გამოწვეული ზიანის თავიდან აცილების მიზნით, საბჭოს ფარგლებში ჩამოყალიბდა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც 2020 წელს ექსპერტის დახმარებით შეიმუშავა ნარკოტიკების ავადმოხმარების პრევენციის 2021-2026 წლების ეროვნული სტრატეგია.
2020 წელს საქართველოში ხელმისაწვდომი იყო ოპიოიდებით ჩანაცვლებითი თერაპია
ორი მედიკამენტის გამოყენებით: მეთადონითა და სუბოქსონით (ბუპრენორფინი + ნალოქსონი).
ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია-2020 წლის მონაცემებით, საქართველოში სახელმწიფო დაფინანსების პროგრამით ფუნქციონირებს მხოლოდ ხანმოკლე ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის პროგრამები, რეზიდენტული ტიპის პროგრამები დაფინანსებული არ არის.
პენიტენციულ სისტემაში კოვიდ-19-ის პანდემიის პერიოდში შეჩერდა პრევენციული პროგრამები. 2020 წელს ბრალდებულებს და მსჯავრდებულებს შესაძლებლობა ჰქონდათ ამ დაწესებულებებში ყოფნისას ესარგებლათ აბსტინენციაზე ორიენტირებული მკურნალობით. სპეციალურ პენიტენციურ სისტემაში ჩანაცვლებით მკურნალობა ხორციელდებოდა ორი სახით: მეთადონით ხანმოკლე დეტოქსიკაცია –კლებითი დოზებით მკურნალობა არაუმეტეს ერთი თვის განმავლობაში, მეთადონით ხანგრძლივი დეტოქსიკაცია – კლებითი დოზებით მკურნალობა ერთ თვეზე მეტი ვადის განმავლობაში;
ზიანის შემცირება 2020 წელს სსიპ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის მიერ ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებსა და მათი სქესობრივ პარტნიორებში ხორციელდებოდა ზიანის შემცირების პროგრამები, როგორც სტაციონარულად, ისე მობილური ამბულატორიებისა და საველე წვდომის (ე.წ. აუთრიჩი „outreach work“) მეშვეობით. პროგრამები ხორციელდება 10 ქვე-კონტრაქტორი ორგანიზაციის 13 სერვის ცენტრის მიერ საქართველოს 11 ქალაქში. 2020 წლის საანგარიშო პერიოდში ზიანის შემცირების საქართველოს ქსელში შემავალი ორგანიზაციები მოემსახურა 32 607 ნიმ-ს, აქედან 32 202 კაცს და 405 ქალს. ასაკობრივი განაწილების მიხედვით დაფიქსირდა 18-25 წლის 1 841 (5.72%) ნიმ-ი და 25 წელს ზევით 30 766 (95.54%) ნიმ-ი; ასევე მომსახურება გაეწია 2 053 ნიმ-ის პარტნიორს. ქვეყანაში ფუნქციონირებს სათემო ორგანიზაცია „ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელი“ (GeNPUD), რომლის მიზანია ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლების უფლებების დაცვა, ზიანის შემცირებისა და მკურნალობის პროგრამებზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა და ნარკომომხმარებლებისათვის მნიშვნელოვანი საკითხების მიმართ ცნობიერებების ამაღლება. პენიტენციურ სისტემაში ხორციელდება სხვადასხვა ტიპის პრევენციული პროგრამები, რომლებშიც ინდივიდუალურად ან ჯგუფურად ერთვებიან საჭიროების მქონე ბრალდებულები/მსჯავრდებულები. კოვიდ-19-ის პანდემიის პერიოდში ვირუსის გავრცელების მაღალი რისკის შემცირების მიზნით დროებით შეჩერდა ჯგუფურიმ პრევენციული პროგრამების განხორციელება.