
2022 წელს არსებული ტენდენციები ნარკოპოლიტიკის სფეროში
2022 წელი, წინა წლების მსგავსად, არ გამოირჩეოდა ნარკოტიკულ დანაშაულებთან მიმართებით კანონმდებლობის გამოსწორებით ან არსებითად განსხვავებული მიდგომის დანერგვით. ნარკოპოლიტიკის თემას, პოლიტიკურ ჭრილში, დაკარგული აქვს აქტუალობა. პოლიტიკურ აქტორებს საზოგადოებისთვის არც 2022 წელს არ წარუდგენიათ ხედვები ნარკოპოლიტიკის ძირეულ ცვლილებებთან დაკავშირებით. ეს თემა აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ყურადღების მიღმა დარჩა და პრიორიტეტულ საკითხს არ წარმოადგენს. არათანმიმდევრული განხორციელებული ცვლილებები არ ცვლის სახელმწიფოს ქცევის მოდელებს ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე. შედეგად, ერთი მხრივ, მცირედით უმჯობესდება სახელმწიფოს მიდგომა ნარკოტიკის მომხმარებელთა მიმართ, მეორე მხრივ კი, არსებითად მძიმდება კონკრეტული ნარკოტიკული დანაშაულებისთვის დაწესებული მძიმე სასჯელები.
შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობა სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაში მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. მოქმედი კანონმდებლობა, საგამოძიებო და სასამართლო პრაქტიკა კვლავაც ნარკოპოლიტიკის თვითნებური და უსამართლო გამოყენების რისკებს შეიცავს. ნარკოტიკების მომხმარებლების ბედი დღემდე უფრო მჭიდროდ არის დაკავშირებული დასჯასთან, ვიდრე მკურნალობის სათანადო სერვისებთან.
მკურნალობაზე მოთხოვნა -საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებით გამოწვეული დარღვევების მქონე პირებისათვის ხელმისაწვდომია – ოპიოიდების აგონისტებით თერაპია (ოათ) და აბსტინენციაზე ორიენტირებული მკურნალობა, მათ შორის, დეტოქსიკაციური მკურნალობა. ოათ პროგრამები ხორციელდება ორი მედიკამენტის – მეთადონის ან სუბოქსონის (ბუპრენორფინი+ნალოქსონი) გამოყენებით, ხოლო აბსტინენციაზე ორიენტირებული მკურნალობა მოიცავს დეტოქსიკაციის პროგრამას ხანმოკლე რეაბილიტაციის კურსით. ორივე ტიპის სერვისს ახორციელებენ როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სამკურნალო დაწესებულებები. მეთადონით ჩანაცვლებითი თერაპია (მჩთ) ხელმისაწვდომია მხოლოდ სახელმწიფო სამკურნალო დაწესებულებაში, სუბოქსონით ჩანაცვლებითი თერაპია კი, ხელმისაწვდომია როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სამკურნალო დაწესებულებებში. სუბოქსონით ჩანაცვლებითი თერაპიის ძირითადი წილი მოდის კერძო სამკურნალო დაწესებულებებზე. აბსტინენციაზე ორიენტირებული მკურნალობა ხელმისაწვდომია როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სამკურნალო დაწესებულებებში.
პრევენცია - ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების პრევენცია სახელმწიფოს მიერ შემუშავებული ნარკოტიკების ავადმოხმარების პრევენციის 2021-2026 წლის ეროვნული სტრატეგიის საკვანძო საკითხია. საქართველო ნარკოტიკების ავადმოხმარების პრევენციის 2022-2023 წლების სამოქმედო გეგმით ახორციელებს სტრატეგიის ცალკეულ პრიორიტეტულ მიმართულებებს.
ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია - სახელმწიფო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის დაფინანსებით ხელმისაწვდომია მხოლოდ ხანმოკლე რეაბილიტაციის კურსი, რომელიც მოიაზრება როგორც დეტოქსიკაციური მკურნალობის კომპონენტი და არა როგორც ცალკე არსებული სარეაბილიტაციო პროგრამა. 2022 წლის მონაცემებით, საქართველოში ფუნქციონირებს ორი რეზიდენტული ტიპის სარეაბილიტაციო პროგრამა, კერძოდ, ა(ა)იპ საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი „თანადგომა“ და შპს ფსიქოსოციალური სარეაბილიტაციო ცენტრი „გამოსავალი“, რომლებიც ფოკუსირდებიან ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლებზე.
პენიტენციალურ სისტემაში სპეციალური პენიტენციური სამსახურის №2, №8 და №18 (ქალთა) დაწესებულებაში მეთადონით ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამა კვლავ ორი სახისაა, რაც გულისხმობს მეთადონის კლებადი დოზებით ხანმოკლე და ხანგრძლივ დეტოქსიკაციას. პროგრამით სარგებლობის ხანგრძლივობა არ აღემატება 9 თვეს. პროგრამა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.. აღსანიშნავია, რომ არსებობს ინფორმაციის შეგროვებასთან დაკავშირებით გარკვეული ტიპის გამოწვევები, რომლებიც საჭიროებს აღმოფხვრას,
ზიანის შემცირება-ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის ინფორმაციით, 2022 წელს სერვისები განახორციელა სერვის ცენტრში: თბილისში (5 ცენტრი), თელავი, რუსთავი, ოზურგეთი, გორი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, ბათუმი, ფოთი);
2022 წელს ქსელი, სულ მცირე, ორი სერვისით მოემსახურა 51,321 ნიმ-ს და 2,760 ნიმ-ის პარტნიორსაც ქსელმა ჯამურად გასცა 3,970,248.შპრიცი. ზედოზირების პრევენციის მიზნით დარიგდა 13 658 ნალოქსონი. ქსელის მიერ დაფიქსირდა ზედოზირების 1092 შემთხვევა, რომელთაგან ფატალურად დასრულდა 22 შემთხვევა.
„მანდალა“ სათემო ორგანიზაცია. რომლის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ ახალგაზრდები რომლებიც ე.წ. კლუბურ ნარკოტიკებს მოიხმარენ, ასევე, ორგანიზაცია ემსახურება ნარკოტიკის ინიექციურ მომხმარებლებსაც. სერვისების მიწოდება ხორციელდება როგორც ოფისიდან, ხოლო სხვადასხვა ელექტრონული მუსიკის ღონისძიებებზე სერვისების განხორციელება ხდება ადგილზე საველე/აუთრიჩ სამუშაოს ფარგლებში. „მანდალა“ აწვდის მომხმარებლებს ნარკოტიკის ტესტირების სერვისს.